ვაქცინაცია საქართველოში

გაბუნია: Sinopharm-ით ვაქცინაციას მაისის დასაწყისში დავიწყებთ, რეგისტრაცია 27 აპრილს გაიხსნება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ჩინური ვაქცინით, სინოფარმით ვაქცინაციას საქართველო მაისში დაიწყებს. გადაწყვეტილება ვაქცინაციის საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

"რეგისტრაციის პროცესი 27 აპრილიდან გაიხსნება, იმიტომ, რომ მაისის დასაწყისში, მას შემდეგ, რაც სააღდგომო დღესასწაულები ჩაივლის, დაიწყოს ვაქცინის ადმინისტრირება შერჩეულ დაწესებულებებში" - თქვა გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ "ეპიდემიური რისკების და მოსალოდნელი სარგებლის გათვალისწინებით, ექსპერტები უჭერენ მხარს, რომ სინოფარმის ვაქცინის გამოყენება დროულად დაიწყოს".

თამარ გაბუნიას თქმით, ჩინური ვაქცინის ავტორიზაციის საკითხის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აპრილის ბოლომდე განიხილავს.

"კარგია, თუ ეს დროულად დასრულდება, თუმცა, სინოფარმის ვაქცინა აღიარებულია 35 ქვეყანაში და 200  მილიონ დოზაზე მეტი აქვს გაცემული სხვადასხვა ქვეყანაში მწარმოებელს, ვაქცინაცია მიმდინარეობს საკმაოდ ეფექტიანად, მინიმალური გვერდითი მოვლენებით.

დღევანდელი ეპიდსიტუაცია და ის, რომ ასტრაზენეკას არჩევანი გვაქვს მხოლოდ 55 წლის ზემოთ, ცალსახად აყენებს იმის აუცილებლობას, რომ დავიწყოთ და არ დავკარგოთ დრო, ვაქცინის სრული აღიარება თუ არ მოხდა აპრილის ბოლოს, ამან კიდევ არ უნდა შეაფერხოს ვაქცინაციის პროცესი, ვაგრძელებთ მოსამზადებელ სამუშაოებს, ავტორიზაცია  დაგეგმილია აპრილის ბოლოსთვის და ვაქცინაცია ქვეყანაში დაიწყება მაისის დასაწყისიდან" - ამბობს მინისტრის მოადგილე.

საქართველოში ჩინური წარმოების ვაქცინის, სინოფარმის 100 000 დოზა 3 აპრილს ჩამოვიდა და დაავადებათა კონტროლის ცენტრში დაასაწყობეს. სინოფარმის ვაქცინა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ჯერ ავტორიზებული არაა, თუმცა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობდა, რომ  ჩინური ვაქცინა პირობით შეიძინეს - აპრილის ბოლომდე ავტორიზაცია უნდა მიიღოს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, ჩინური Sinopharm-ის 1 დოზა 18-20 დოლარი უჯდებათ, Pfizer-ი 11-12 დოლარად იყიდეს.

Sinopharm-ის ვაქცინა პეკინის ბიოლოგიური პროდუქტების ინსტიტუტის მიერ, 2020 წელს შეიქმნა. სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული კომპანიის, სინოფარმის მიხედვით, კლინიკურ ცდებში ვაქცინა 79%-იან ეფექტიანობას აჩვენებს.  

კომენტარები