კრიპტოვალუტა

უოლ სტრიტზე პირველი კრიპტოკომპანიის დებიუტი შედგა, ბიტკოინის ფასი რეკორდულ ნიშნულზეა

ფოტო: Financial Times

უოლ სტრიტზე, Nasdaq-ის საფონდო ბირჟაზე, ისტორიაში პირველად შედგა კრიპტოკომპანიის დებიუტი.  

კომპანია Coinbase-ი კრიპტოვალუტის სავაჭრო და გაცვლითი პლატფორმაა, სადაც მომხმარებლებს კრიპტოაქტივების შეძენა და შენახვა შეუძლიათ. 

Nasdaq-ზე დებიუტი პირდაპირი განთავსების გზით შედგა, კომპანიის აქციებით ვაჭრობა 381 დოლარიდან დაიწყო და რამდენიმე საათში 429 დოლარამდეც კი გაიზარდა. 

როგორც წესი, საფონდო ბირჟაზე განთავსებიდან პირველი კვირის განმავლობაში კომპანიის აქციების ფასი არასტაბილურობით გამოირჩევა და, შესაბამისად, Coinbase-ის საბაზრო კაპიტალიზაციის ზუსტი შეფასება, ჯერჯერობით, შეუძლებელია. 

პირველადი შეფასებით, Coinbase-ის ღირებულება 100 მილიარდ დოლარს აღწევს. 

ექსპერტების ნაწილი ამ მოვლენას კრიპტოვალუტისთვის გარდამტეხ მოვლენას უწოდებს, რადგან ეს ტრადიციული საფინანსო ინსტიტუტებისა და უოლ სტრიტის მხრიდან აღიარების ნიშნავს. 

უოლ სტრიტზე დებიუტმა პოზიტიური გავლენა იქონია კრიპტოვალუტაზე, კერძოდ, ბიტკოინის ფასმა ახალ რეკორდულ ნიშნულს, 64 800  დოლარს, ხოლო ეთერიუმის ფასმა 2 490 დოლარს მიაღწია. 

კომპანია Coinbase-ი შემოსავლის უდიდეს ნაწილს მომსახურების საკომისიოდან იღებს. 2021 წლის პირველი კვარტალის მისი სავარაუდო შემოსავალი 1.8 მილიარდ დოლარს აღწევს. 

კრიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ კომპანიის შემოსავალი პირდაპირაა დამოკიდებული კრიპტოვალუტის ფასზე, რომელიც, თავის მხრივ, არასტაბილურობით გამოირჩევა. 

კომენტარები