ჩინეთი

კრამერი: საქართველოსთვის ჩინეთის რუსეთის ალტერნატივად დანახვა შეცდომა იქნება

დევიდ კრამერი
რადიო თავისუფლება

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევითი ცენტრის და გერმანიის მარშალის ფონდის ონლაინ შეხვედრაზე  აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილემ დევიდ კრამერმა თქვა, რომ ჩინეთის მთავრობა საქართველოს მეგობარი არ არის და ჩინეთის რუსეთის ალტერნატივად დანახვა საქართველოსთვის შეცდომა იქნება. 

კრამერს მისი და იან კელის ერთობლივ ანგარიშში ჩაწერილ მონაკვეთზე ჰკითხეს, სადაც წერია, რომ საქართველომ არ უნდა შეხედოს ჩინეთს, როგორც რუსეთის ალტერნატივას. დოკუმენტში ისინი ასევე წერენ, რომ საქართველოს უფრო მეტ პოლიტიკურ და ეკონომიკურ კარს დასავლეთი გაუღებს და არა რუსეთი და ჩინეთი.

"მიზეზი, თუ რატომ ვახსენეთ ჩინეთი არის ის, რომ აშშ-ში ორპარტიული მხარდაჭერაა, რომ ჩინეთზე უფრო მკაცრი პოზიცია იყოს. რომ ვთქვათ, რომ საქართველო ჩინეთს უახლოვდება, ალბათ, სამართლიანი არ იქნება. მაგრამ, ჩინეთს რუსეთის ალტერნატივად დანახვა, არ მგონია, რომ ეს ვაშინგტონისთვის მისაღები იყოს. ცხადია, ჩინეთი არ წარმოადგენს სამხედრო საფრთხეს საქართველოსთვის, მაგრამ ჩინეთს აქვს გზები, რომ ქვეყნები მასზე დამოკიდებული გახადოს ფინანსური დახმარებების, სესხების და სხვა რამეების მიწოდებით. ჩინეთს სურს შეავსოს სიცარიელე, რომელსაც სხვა ქვეყნები ტოვებენ". - აღნიშნა კრამერმა. 

მისივე თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ დასავლეთმა - ევროკავშირმა, აშშ-მ უნდა გააძლიეროს საქართველოს მხარდაჭერა, რომ "ჩინეთი არ იყოს აღქმული, როგორც ალტერნატივა, რადგან რუსეთის ვარიანტი არ არის".

კრამერი განმარტავს, რომ ჩინეთი სასტიკი, ავტორიტარული რეჟიმია:

"შეხედეთ რა ქნეს ჰონგ-კონგში, რას უშვებიან უიღურებს, რას აკეთებენ ტიბეტში, რა საფრთხეს წარმოადგენენ ტაივანისთვის. ჩინეთის კომუნისტური პარტია არ არის საქართველოს მეგობარი, ჩინელი ხალხი შეიძლება არის საქართველოს მეგობარი, მაგრამ ჩინეთის მთავრობა - არა... მათ არ ადარდებთ ადამიანის უფლებები, დემოკრატია, მათ მხოლოდ მეტი კონტროლი, ეკონომიკური და სამხედრო თვალსაზრისით კუნთების თამაში უნდათ".

დევიდ კრამერი მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის ჩინეთის ვარიანტად დანახვა შეცდომა იქნება. 

ამასთან ერთად ის ამბობს, რომ აშშ-მ საქართველოს 4 მილიარდ აშშ დოლარის და მეტი სამხედრო და არასამხედრო დახმარება აქვს მიწოდებული და ის კვლავ ყველაზე გავლენიანი ქვეყანაა საქართველოსთვის.

კომენტარები