აქტივისტების დაკავება

ბოკერია მუმლაძის დაკავებაზე: ციხეში ჩატოვების შემთხვევაში პოლიტიკური პატიმარი იქნება

ევროპული საქართველოს თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას თქმით, სამოქალაქო აქტივისტის, გიორგი მუმლაძის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოებით და მისი პატიმრობაში დატოვების რისკით შესაძლებელი იქნება პირდაპირ ითქვას, რომ გიორგი მუმლაძე ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის კიდევ ერთი პოლიტიკური პატიმარი იქნება.

"ერთ-ერთი გამორჩეული სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფის გამორჩეული წარმომადგენელი, გიორგი მუმლაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია ეს ადამიანი, დაკავებულია და უბრალოდ დაკავებული კი არაა, რასაც მიჩვეულები ვართ – ადმინისტრაციულად დაკავებას, არამედ მას სისხლის სამართლის ბრალის წაყენებას უპირებენ და არის რისკი, რომ პატიმრობაში დატოვონ. თუ ეს ასე მოხდება, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ბატონი მუმლაძე იქნება კიდევ ერთი პოლიტიკური პატიმარი ივანიშვილის რეჟიმის ხელში. 

ჩვენ მთელი ეს პერიოდი ვხედავდით, რომ ეს ადამიანი და მისი თანამოაზრეები იყვნენ ყველაზე აქტიური ჯგუფი, რომელიც ყველაზე რთულ პერიოდში გამოხატავდა სამოქალაქო პროტესტს, მე, როგორც მოქალაქე მათი მადლიერი ვარ. მათ წინააღმდეგ, ბევრ შემთხვევაში გამოყენებული იყო უკანონო ძალადობა, მაგრამ ციხეში ჩატოვება, ეს იქნება ახალ სიბრტყეზე გადაყვანა პოლიტიკური გადაწყვეტილების ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან და მხოლოდ გააღრმავებს კრიზისს.

ჩვენ გვახსოვს უამრავი შემთხვევა, როცა ოპოზიციური პარტიების ოფისებს ძალადობრივად ესხმოდნენ თავს, მაგრამ არცერთი შემთხვევა გვახსოვს ამის გამო სისხლის სამართლებრივი დევნის და ციხეში ადამიანების ჩატოვების. მაქსიმალური იყო მინიმალური ჯარიმები. ამ საბაბით, ამ კონტექსტში გიორგი მუმლაძის დაკავება პირდაპირაა პოლიტიკური გადაწყვეტილება რეჟიმის და თუ გადაწყვიტეს, რომ ჩატოვონ ციხეში, ეს იქნება გადაწყვეტილება, რომ რეპრესიების ახალ ტალღაზე გადადიან 15 მაისის აქციის მოლოდინში და კიდევ ერთი პოლიტიკური პატიმარი გვყავს ქვეყანაში". – ამბობს გიგა ბოკერია.

სამართლადამცველებმა დღეს, 14 აპრილს, ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისთან 5 სამოქალაქო აქტივისტი, ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე წარწერების გაკეთების გამო დააკავა, მათ შორის გიორგი მუმლაძეც. ისინი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის 5-დღიანი კარანტინის გაუქმებას მოითხოვდნენ. 5-ვე აქტივისტი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

მოგვიანებით შსს-მ განცხადება გაავრცელა, სადაც ვკითხულობთ, რომ  ქართული ოცნების ოფისთან მიმდინარე აქციაზე, გ.მ.-მ [გიორგი მუმლაძემ] პოლიციის თანამშრომლებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას წინააღმდეგობა გაუწია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ის პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. დანაშაული 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები