აქტივისტების დაკავება

სასამართლომ გიორგი მუმლაძეს 3 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

გიორგი მუმლაძე
FACEBOOK

სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტ გიორგი მუმლაძეს 3 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. როგორც პროცესის დასრულების შემდეგ მუმლაძის ადვოკატმა, ირაკლი ჩომახიშვილმა თქვა, პირველ ეტაპზე 1 500 ლარის გადახდის შემთხვევაში მუმლაძე პენიტენციურ დაწესებულებას დატოვებს. 

"მოსამართლემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა. ნაწილობრივ გაითვალისწინა დაცვის მხარის შუამდგომლობაც და შესაბამისად, დადგინდა გირაო 3 000 ლარის ოდენობით, რომლის გადახდის შემთხვევაშიც გიორგი მუმლაძე გათავისუფლდება. აღსანიშნავია, რომ სასამართლომ დაადგინა, 50%-ის, ანუ 1 500 ლარის გადახდის შემთხვევაში, გიორგი მუმლაძე დატოვებს პენიტენციურ დაწესებულებას, ძალიან იშვიათად ადგენს ამას პრაქტიკაში. მაქვს განცდა და მჯერა, რომ დღესვე გადაიხდიან აქტივისტები ამ თანხას. 1-ელ ივნისს არის ჩანიშნული წინასასამართლო სხდომა". – თქვა ირაკლი ჩომახიშვილმა

სამართლადამცველებმა დღეს, 14 აპრილს, ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისთან 5 სამოქალაქო აქტივისტი, ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე წარწერების გაკეთების გამო დააკავა, მათ შორის გიორგი მუმლაძეც. ისინი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის 5-დღიანი კარანტინის გაუქმებას მოითხოვდნენ. 5-ვე აქტივისტი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. დანაშაული 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლიციელის მხრიდან გიორგი მუმლაძეზე სავარაუდო ძალადობაზე ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება დაიწყო.

კომენტარები