ნამახვანჰესის მშენებლობა

საპატრიარქო ნამახვანზე: დიალოგი არ უნდა იყოს ფორმალური

Any Giorgadze / Facebook

საქართველოს საპატრიარქო ნამახვანში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. განცხადების მიხედვით, მხარეებს შორის დიალოგი ფორმალური არ უნდა იყოს.

"შემაშფოთებელია ის დაძაბულობა, რაც უკანასკნელ დღეებში რიონის ხეობაში მიმდინარე პროცესებს ახლავს.

მიგვაჩნია, რომ აუცილებელია შედგეს დიალოგი, სადაც დაინტერესებულ მხარეებს, პასუხისმგებელ პირებსა და სპეციალისტებს მიეცემათ საშუალება მათთვის მნიშვნელოვანი კითხვების დასმისა და პასუხების მოსმენისა. ეს დიალოგი არ უნდა იყოს ფორმალური, არამედ ყველა საშუალება უნდა იქნას გამოყენებული, რათა აღარ დარჩეს გაუგებრობები ნამახვან-ჰესის პროექტთან დაკავშირებით და საზოგადოებასაც ობიექტური ინფორმაცია მიეწოდოს.

დაუშვებელია სიტუაციის შემდგომი ესკალაცია, დაუშვებელია კატეგორიული ტონი, რომელიც არ ტოვებს ურთიერთ მოსმენის შესაძლებლობას.

პატივისცემით მივმართავთ ყველა მხარეს და ვთხოვთ, ხელი შეუწყონ პროცესების მშვიდობიანად და სამართლიანად წარმართვას". - წერია განცხადებაში. 

დღეს, 14 აპრილს, შსს-მ რიონის ხეობაშ რკინის ბარიკადები აღმართა.  

სოფელ გუმათში საპროტესტო აქციას ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები მართავენ. დაპირისპირების მიზეზი პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის კომპანია ენკას მანქანის გატარება გახდა.

რიონის ხეობაში, ნამახვანჰეისის აშენების მოწინააღმდეგეებსა და პოლიციელებს შორის, 12 აპრილს სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს გზაზე გადმოსვლის საშუალება არ მისცეს.

რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტებს უკვე რამდენიმე თვეა, კარვები აქვთ გაშლილი.

11 აპრილს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა რიონში მოსალოდნელი წყლის დონის განსაკუთრებული მატების მიზეზით ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქტივისტების კარვები ტერიტორიიდან გაიტანეს, რასაც აქციის მონაწილეების პროტესტი მოჰყვა. ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ამბობს, რომ ნამახვანჰესის მიმდებარედ კარვების აღების გადაწყვეტილებით მთავრობა მოქალაქეებზე ზრუნავს, რადგან მდინარე რიონში წყალმა საშიშ დონეს მიაღწია.

კომენტარები