ნამახვანჰესის მშენებლობა

შსს: დავაკავეთ 6 ადამიანი, მათ ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე მყოფებზე იძალადეს

Any Giorgadze / Facebook

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით 6 ადამიანი - 1987 წელს დაბადებული რ.წ. 1993 წელს დაბადებული ფ.წ. 1997 წელს დაბადებული თ.ჭ. 1995 წელს დაბადებული გ.ჭ. და 2000 წელს დაბადებული ი.ჭ. დააკავეს. 

უწყების ინფორმაციით, ბრალდებულებმა 12 აპრილს, ქალაქ ქუთაისში, გუმათჰესის დასახლებაში მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ჯგუფურად იძალადეს და ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს აქციაზე მყოფ სამ პირს. შსს-ს ინფორმაციით, მათ ასევ დააზიანეს აქციის მონაწილის მანქანა. 

შსს-ს ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  

რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტებს უკვე რამდენიმე თვეა, კარვები აქვთ გაშლილი. 

11 აპრილს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა რიონში მოსალოდნელი წყლის დონის განსაკუთრებული მატების მიზეზით ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქტივისტების კარვები ტერიტორიიდან გაიტანეს, რასაც აქციის მონაწილეების პროტესტი მოჰყვა. ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ამბობს, რომ ნამახვანჰესის მიმდებარედ კარვების აღების გადაწყვეტილებით მთავრობა მოქალაქეებზე ზრუნავს, რადგან მდინარე რიონში წყალმა საშიშ დონეს მიაღწია.

კომენტარები