ტურიზმი

აქტაუ, ატირაუ, ნურ-სულთანი – ქუთაისიდან ყაზახური დაბალბიუჯეტიანი კომპანია FlyArystan-ი იფრენს

მაისიდან დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია FlyArystan-ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას იწყებს. აქტაუ, ატირაუ და ნურ-სულთანი - ეს ის სამი ახალი მიმართულებაა, საიდანაც დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში  პირდაპირი რეგულარული რეისები შესრულდება. ფრენები 2 მაისიდან დაიწყება, თითო ქალაქში კვირაში 2 სიხშირით. ბილეთების ყიდვა ავიაკომპანიის ვებგვერდზე დღეიდან არის შესაძლებელი.

"ველოდებით საერთაშორისო ვიზიტორებს ცენტრალური აზიიდან, რაც ნიშნავს ქუთაისის აეროპორტისთვის და ზოგადად, იმერეთის მხარისთვის სრულიად ახალი ტურისტული ბაზრის ათვისებას" - ამბობს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი, თამარ არჩუაძე.

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია FlyArystan 2018 წელს დაარსდა. ის AIR ASTANA-ს შვილობილი კომპანიაა. 

1-ლი მარტიდან, ყაზახეთის მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის კვეთა PCR ტესტის ნეგატიური პასუხით შეუძლიათ. ასევე, ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც საზღვრის კვეთისას წარმოადგენს ნებისმიერი კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების (ორი დოზა) დამადასტურებელ დოკუმენტს, შეეძლება საქართველოში საჰაერო გზით შემოსვლა. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, ყაზახეთში შესასვლელად მათ უნდა ჰქონდეთ PCR ნეგატიური ტესტი, მათ შორის ვაქცინირებულ მოქალაქეებსაც. 

კომენტარები