WizzAir

WizzAir-ი ქუთაისში ფრენებს ანახლებს - 18 აპრილს ვილნიუსის და ვარშავის რეისები შესრულდება

18 აპრილს Wizz AIR-ი ვარშავისა და ვილნიუსის მიმართულებით ქუთაისიდან რეგულარული რეისებს განაახლებს. თავდაპირველად რეისები კვირაში ერთი სიხშირით შესრულდება. კომპანია რეისების რაოდენობის გაზრდას ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით გეგმავს.

მაისიდან Wizzair-ი ქუთაისიდან რეგულარულ ფრენებს რიგისა და დორტმუნდის მიმართულებით დაიწყებს.  ხოლო, ივნისიდან, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ეტაპობრივად განახლდება პირდაპირი ფრენები ევროპის კიდევ 13 მიმართულებით. 

"გვახარებს ის ფაქტი, რომ რამდენიმე დღეში ქუთაისის  გაფართოებულ აეროპორტში რეგულარულ ფრენებს Wizz Air განაახლებს. ცოტა ხნის წინ დაგვიდასტურა ჩვენმა ძირითადმა პარტნიორმა ავიაკომპანიამ მზადყოფნა საქართველოს მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ფრენების განახლების შესახებ. ჩვენის მხრივ, მგზავრებს ვპირდებით, რომ დახვდებათ ოთხჯერ უფრო გაფართოებული აეროპორტი, ახალი სერვისებითა და სიახლეებით, რომელიც ოპერირების განახლების პარალელურად აეროპორტში ეტაპობრივად დაინერგება" - განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა, თამარ არჩუაძემ.

უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოს საჰაერო საზღვრის კვეთა PCR ტესტის ნეგატიური პასუხით,  ან საზღვარზე კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების (ორი დოზა) დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენით შეუძლიათ.

რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, ლიტვაში შესვლისას, იმ პირობების გარდა, რასაც ქვეყნის მთავრობა ითხოვს, გამგზავრებამდე აუცილებლად შევსებული უნდა ჰქონდეთ სპეციალური PLF ფორმა.

პოლონეთის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული ინფორმაცია კი, შეგიძლიათ ნახოთ ვებგვერდზე. 

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, მათ Wizzair-ს ფრენის ნებართვა ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე 21-ვე მოთხოვნილ მიმართულებაზე მისცეს. სააგენტო 30 მარტს აღნიშნავდა, რომ პირველ ეტაპზე რეგულარული სამგზავრო რეისები 4 მიმართულებით იგეგმებოდა - ათენი (Wizz Air), ვარშავა (Wizz Air), ვილნიუსი (Wizz Air) და ლარნაკა (Wizz Air).

"ინფორმაციისთვის, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ აკომპანია Wizz Air-ს ოპერირების ნებართვა მიანიჭა ყველა მოთხოვნილ საჰაერო ხაზზე (აბუ დაბი, ბერლინი, ბუდაპეშტი, ვენა, ვროცლავი, გდანსკი, დორტმუნდი, კატოვიცე, კრაკოვი, მემინგენი, მილანი, პრაღა, ტალინი, სალონიკი, პოზნანი, რიგა, რომი), თუმცა, ფაქტობრივად, ამ მიმართულებებზე რეგულარული რეისების დაწყება/განახლება დამოკიდებული იქნება ავიაკომპანიის გადაწყვეტილებაზე - დანიშნულების ქვეყნებში დაწესებული სასაზღვრო და სანიტარული შეზღუდვების გათვალისწინებით". - აცხადებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.

წელიწადზე მეტია, Wizzair-ს საქართველოში ფრენები შეწყვეტილი აქვს. მაშინ, როცა ქვეყანა მწვანე ზონაში იყო, ავიაკომპანიას საქართველოს მთავრობა არ აძლევდა ფრენის უფლებას და აცხადებდა, რომ ქვეყანა ამისთვის მზად არ იყო. 

საქართველო დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიებისთვის ფრენის უფლებისმისაცემად მზად მხოლოდ მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც ქვეყანაში ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა 1000-ს გადააჭარბა, ხოლო იმ ქვეყნებმა, სადაც საქართველოს მოქალაქეს უპირობოდ შეეძლო შესვლა, კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, "არააუცილებელი მიზნით" მოგზაურ საქართველოს მოქალაქეებს საზღვრები ჩაუკეტა.

ავიაკომპანია Wizzair-მა ქუთაისი-რიგის რეისები ოქტომბერში რამდენიმე კვირით განაახლა, ხოლო დორტმუნდის მიმართულებით, მხოლოდ 3 რეისი შეასრულა საახალწლო პერიოდში.

რაც შეეხება Ryanair-ს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ მას ნოემბრიდან მილანის მიმართულებით ფრენის უფლება მისცა, ავიაკომპანიას რეისები არ განუახლებია. მეტიც, რამდენიმე თვეა, ავიაკომპანიის ბაზაში საქართველოს მიმართულებით არც ერთი რეისი არ იძებნება. თბილისი-მილანი, თბილისი-კიოლნი, ქუთაისი-ბოლონია და ქუთაისი-მარსელი - ამ ფრენებს ასრულებდა Ryanair-ი პანდემიამდე. ტაბულას ავიაკომპანიაში დაუდასტურეს, რომ კომერციული მიზეზების გამო, 2021 წელს საქართველოში ფრენებს არ განაახლებენ.

კომენტარები