აშშ

აშშ გერმანიაში დამატებით 500 სამხედროს გაგზავნის

აშშ გერმანულ ბაზებზე დამატებით 500 სამხედროს გაგზავნის. ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა გაავრცელა. 

ეს გადაწყვეტილება აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოლიტიკას აბსოლუტურად ეწინააღმდეგება, რადგან მას გერმანიიდან 12 000-მდე ამერიკელი სამხედროს გამოყვანა სურდა.

"[სამხედროების შემცირების] დაგეგმვას თავი დავანებეთ". - თქვა ლოიდ ოსტინმა პრესკონფერენციაზე.

"ჩემი აზრით, დამატებითი 500 სამხედროს გაგზავნის გადაწყვეტილება კარგად მეტყველებს ჩვენს პარტნიორობასა და ერთგულებაზე NATO-ს მიმართ". - დაამატა ოსტინმა.


2020 წლის 15 ივნისს აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ის გერმანიაში აშშ-ს სამხედროების რიცხვის 25 000-მდე შემცირებას აპირებდა. 

ტრამპმა აღნიშნა, რომ გერმანია NATO-ს თავდაცვის ბიუჯეტში 1%-ს იხდის, მაშინ როდესაც 2%-ს უნდა იხდიდეს, რაც, მისი აზრით, მაინც ძალიან ცოტა იქნებოდა.

29 ივლისს აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ აშშ გერმანიიდან 11 800 ჯარისკაცს გამოიყვანდა. აქედან 5 400 ჯარისკაცი ევროპის სხვა ქვეყნებში გადავიდოდა, ხოლო 6 400 ჯარისკაცი აშშ-ში უნდა დაბრუნებულიყო.

ეს გადაწყვეტილება აშშ-ს ახალმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, 2021 წლის თებერვალში შეაჩერა.

კომენტარები