ნამახვანჰესი

ENKA-ს დირექტორი: თუ გოლეთიანს არ აქვს ჩემთან კითხვები, მე მაქვს მასთან

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, როგორც ამ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე, რომ ის კითხვები არ დარჩეს უპასუხოდ, რომელიც ვარლამს და მის თანამოაზრეებს გააჩნიათ. თუ ეს არის კითხვები, რომელიც ეხება გარემოს დაცვას, თუ ეს არის კითხვები, რომელიც ეხება სეისმურობას, სოციალურ პაკეტს, რომელიც ამ პროექტს თან ერთვის, ამ შემთხვევაში, მე ცალსახად გეუბნებით, რომ ეს არის კითხვები ჩვენთან და არა სახელმწიფოსთან. 

კიდევ ერთხელ განვმეორდები, რომ თუ ჩვენ ვერ შევძელით, რომ პასუხი გავცეთ ვარლამის და მისი მეგობრის კითხვებს, რასაკვირველია, მზად ვართ, რომ მათთან ერთად მოვიძიოთ ეს პასუხები, მაგრამ, თუ მათ დღის წესრიგში პოლიტიკური ელფერის შემოტანაა ამ პროცესში, მაშინ ჩვენ ვერაფერს ვიზამთ, ეს ხსნის იმ გარემოებას, თუ რატომ არ უნდათ დაგვისხდნენ და გავიაროთ ტექნიკური დეტალები. ჩვენ არაერთი კომპანია ჩავრთეთ არსებული კვლევების ვალიდაციის მიზნით, ნურავის ჰგონია, რომ ამხელა, 800 მილიონიანი ინვესტიცია ხორციელდება ყოველგვარი შესწავლის და ინჟინრული გადაწყვეტილების გარეშე.

ხალხს აქვს კონკრეტული კითხვები კვლევების მიმართ და როდესაც არის მზაობა ჩვენი მხრიდან, როგორც სპეციალისტებთან, ისე მათ გარეშე, ყველა მხარის ჩართულობით, რომ მოდით, ხალხო, მე გაგცემთ ამ კითხვაზე პასუხს, ამაზე ვიღებ უარს. 

[...] ვარლამსა და მის სამეგობროს მოვუწოდებ, რომ შევხვდეთ, დავსხდეთ, გნებავთ, კამერებით, გნებავთ, კამერების გარეშე. ეს არ ნიშნავს პროტესტის შეწყვეტას, მაგრამ აუცილებელია დიალოგის დაწყება, აუცილებელია მხარეების მოსმენა და პირდაპირ ვიტყვი, მე მაქვს ვარლამთან კითხვები, თუ მას არ აქვს ჩემთან, მე მაქვს მასთან კითხვები...

თქვა ნამახვანჰესის მშენებელი კომპანია ენკას დირექტორმა, მერაბ ლომინაძემ ვარლამ გოლეთიანთან დაკავშირებით, რომელიც ამბობს, რომ მათ სასაუბრო კომპანიის დირექტორთან არაფერი აქვთ და პროცესში პრემიერმინისტრის ჩართვას ითხოვენ.

კომენტარები