ეკონომიკა

მთავრობამ 15 000 000 ლარის შიდა ვალი აიღო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

საქართველოს ეროვნული ბანკის მიხედვით, ფინანსთა სამინისტრომ სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაყიდა მას შემდეგ, რაც 2011 წელს გამოშვებული 500 მილიონი დოლარი ძირი თანხა დაფარა.

"აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 62 285 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.430 პროცენტით, მაქსიმალური 8.490 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.455 პროცენტით განისაზღვრა". – ვკითხულობთ განცხადებაში


საგარეო ვალის დაფარვის მიზნით, საქართველოს მთავრობა რეფინანსირების სახით ახალი $500-მილიონიანი ევროობლიგაციების განთავსებას გეგმავს, ანუ ქვეყანა 10 წლის წინ აღებული ვალის დასაფარად ახალ ვალს აიღებს. 

ლარის გაუფასურებასთან ერთად იზრდება დასაფარი ვალის ღირებულებაც. 2011 წელს, ევროობლიგაციების განთავსების დროს, 500 მილიონი დოლარი 830 მილიონი ლარის ტოლი იყო, თუმცა დღეს, 2021 წელს, მის დასაფარად თითქმის ორჯერ მეტი თანხაა საჭირო, კერძოდ, 1.71 მილიარდი ლარი. 

ლარის გაუფასურებისა და ვალის გადავადების გამო, ევროობლიგაციების დაფარვა სახელმწიფოს 890 მილიონი ლარით მეტი უჯდება.  

2011 წლიდან მოყოლებული, ევროობლიგაციების საპროცენტო მომსახურებისთვის საქართველო წლიურად 34.5 მილიონ დოლარს იხდიდა. ათი წლის განმავლობაში კი თითქმის 345 მილიონი დოლარი გადაიხადა, ანუ $500 მილიონიანი ვალის მხოლოდ გადავადების მიზნით, ქვეყანამ $345 მილიონი გადაიხადა. 

ევროობლიაგიცების დამატებით გადავადება და ლარის გაუფასურება ქვეყანას, სავარაუდოდ, კიდევ უფრო ძვირად დაუჯდება.
 
რეფინანსირების ზუსტი პირობები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

 

 

კომენტარები