ნიკა მელიას საქმე

ბოკერია: მელიას გათავისუფლება აუცილებელი და არასაკმარისია კრიზისის განმუხტვის დასაწყებად

ტაბულა

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ამბობს, რომ ნიკა მელიას გათავისუფლება პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის დასაწყებად აუცილებელი, თუმცა არასაკმარისი პირობაა.  

"ბუნებრივია, სანამ ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერი ციხეში ზის ასეთ სამარცხვინო საქმეზე, ასეთ სამარცხვინო გარემოებებში, ეს არის ყველაზე მსხვილი საკითხი, მაგრამ ნიკა მელიას რომ გაუშვებენ, ამის შედეგად ვადამდელი არჩევნების, ყველა იმ ცვლილების გარეშე, რურუას გათავისუფლების და პოლიტიკური დევნის გაჩერების გარეშე პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა მაინც ვერ მოხდება". - ამბობს ბოკერია.

გიგა ბოკერიას განმარტებით, მათი ამოცანა იგივეა -  მელიასა და რურუას გათავისუფლება, ასევე, შარლ მიშელის დოკუმენტის პუნქტების - ვადამდელი არჩევნებისკენ სვლისა და საარჩევნო სისტემისა და ადმინისტრაციის ცვლილების შესრულება.

"მე ვერანაირ პროგნოზს ვერ გავაკეთებ ამ ფორმაში მყოფი რეჟიმის საქციელზე. შეიძლება, ქვეყნის გარედან ამ წნეხის ქვეშ და ქვეყნის შიგნიდან პოტენციურად უზარმაზარი პრობლემების ფონზე რაღაც მომენტში ეს სვლა გააკეთონ და ნიკა მელიას თავისუფლება ყველა შემთხვევაში კარგი იქნება, მაგრამ, ვიმეორებ, ვიცი მისი პოზიცია და ამისგან დამოუკიდებლად ჩვენი, ევროპული საქართველოს პოზიცია იგივეა - მისი გამოშვება მხოლოდ ერთი ნაბიჯია, კრიზისის განმუხტვის დასაწყებად საჭიროა ყველა იმ ნაბიჯის გადადგმა, რომელიც მოცემულია ჩვენს ხედვაში, მათ შორის, ვადამდელ არჩევნებზე შეთანხმება". – ამბობს გიგა ბოკერია. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას პროცესი მიმდინარეობს. მელია საკუთარ პროცესს ესწრება.   

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში სპეცრაზმი 23 თებერვალს, დილით შევიდა და ნიკა მელია დააკავა. 25 თებერვალს პროკურატურამ მზადყოფნა გამოთქვა, მიმართოს საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე, თუკი ნიკა მელია 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული გირაოს პირობებს შეასრულებს. მელია გირაოს გადახდაზე უარს ამბობს

კომენტარები