ევროპული საქართველო

ბოკერია: ყველა, ვინც ჩვენთან იყო, სანამ ემსახურება ქვეყნის ინტერესებს, ჩვენი პარტნიორია

დავიწყებ უსიამოვნო ამბით, ამის გამოტოვება არ შეიძლება, სამწუხაროა, რომ დღეს ჩვენთან ერთად არ არიან ჩვენი ყოფილი თანაგუნდელები, არაერთი ლიდერი, რომელთან ერთადაც ჩვენ  მთელი ეს გზა გავიარეთ, რთული გზა.

მე მიმაჩნია ეს სამწუხარო და მცდარ გადაწყვეტილებად მათი მხრიდან, ამას არ დავმალავ, ვისურვებდი, რომ ეს ასე არ ყოფილიყო, ასეთ დროს განსაკუთრებით, ასეთ რთულ ვითარებაში მთელი ქვეყნისთვის.

მაგრამ, რა თქმა უნდა, პატივი უნდა უნდა ვცეთ მათ მოსაზრებას, გადაწყვეტილებას, მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა ვუთხრა მათ, ყველას, ერთად განვლილი გზისთვის და წარმატება ვუსურვო მომავალ გზაში, რა თქმა უნდა, თუ ეს გზა ემთხვევა ჩვენს ინტერესებს, ღირებულებს და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს.

ჩვენ გვაქვს ამის მაგალითები. ვყოფილვარ ერთ გუნდში ისეთ ადამიანებთან, რომელთა წასვლაც სამწუხარო იყო, ცოტა ხნის წინ ელენე ხოშტარია, ჩემი მეგობარი თავის პოლიტიკურ გზაზე დადგა, იქამდე ზურა ჯაფარიძე, მაგრამ დღეს ეს ორი ადამიანი არის ჩემი არა მხოლოდ მეგობარი, არამედ პოლიტიკური ღირებულებებით ახლოს ვართ და ერთად ვიბრძოლებთ ამ გზაზე, და ყველა ადამიანი, ვინც ჩვენთან ერთად იყო, სანამ ემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, არის ჩვენი პარტნიორი და თანამოაზრე.

ევროპული საქართველოს ახალარჩეული თავმჯდომარე გიგა ბოკერია პარტიის ყრილობაზე, ყოფილი თანაგუნდელების შესახებ. ევროპული საქართველო დატოვეს დავით ბაქრაძემ, გიგი უგულავამ, გივი თარგამაძემ, ლევან თარხნიშვილმა და გოკა გაბაშვილმა.

კომენტარები