კორონავირუსი საქართველოში

გაბუნია: მაქსიმალურად ვცდილობთ, არ გავამკაცროთ შეზღუდვები

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ქვეყანაში შეზღუდვების გამკაცრებასთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, მოცემული ეტაპისთვის მიზანი ამ პერიოდის შეზღუდვების ზომიერი მატებით და არსებული წესების დაცვით გავლაა.

"რაც არ უნდა მარტივად ჟღერდეს პირბადის გამოყენებაზე ამდენი საუბარი და აქცენტის გაკეთება, ყველაზე მთავარი დაცვის საშუალება მაინც პირბადეა. ამდენად, ეს არის ერთ-ერთი სივრცე ჩვენთვის, რომ გავიაროთ ეს პერიოდი მაინც შემთხვევების ზომიერი მატებით და არ მივიღოთ შემდეგი ტალღა, თუ ამ წესს დავიცავთ და შემდეგ, რა თქმა უნდა, აქტიური ტესტირება და ბიზნესგარემოში უსაფრთხოება.

მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ არ მივიდეთ შეზღუდვების კიდევ უფრო გამკაცრების აუცილებლობამდე, რადგან გასული პერიოდი საკმაოდ რთული იყო, როგორც ბიზნესაქტივობის, ასევე სოციალური აქტივობის თვალსაზრისით, ისევ უკან დაბრუნება კი რთული იქნება, დაღლილობის ხარისხი მაღალია ყველა სექტორში, საზოგადოებაშიც მოლოდინი არის იმის, რომ წინ წავიდეთ და შემსუბუქდეს შეზღუდვები, მაგრამ ეპიდემიური სურათი არის საგანგაშო და, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, არსებული წესების და რეგულაციების ზუსტად დაცვა", - თქვა გაბუნიამ.

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა სკოლებში დასწრების ფორმით სწავლის გაგრძელებას რაიმე საფრთხე დაემუქროს, გაბუნია ამბობს, რომ ამგვარი სცენარი ყველაზე ნაკლებად სასურველია, თუმცა, თუ ეპიდემიური სიტუაცია მძიმე იქნება, დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა საჭირო გახდება.

"სკოლებში დღესაც მოდელი არის ჰიბრიდული, რიგ შემთხვევაში, როდესაც სკოლაში დგინდება კორონავირუსი, სკოლები გადადიან დისტანციურ მოდელზე, ეს მოდელი მათ საშუალებას აძლევთ, მეტი მოქნილობა ჰქოდნეთ და შეინარჩუნონ საკლასო გარემოში სწავლის შესაძლებლობა და გააგრძელონ სასწავლო პროცესი. სკოლების დისტანციურ რეჟიმზე გადაყვანა არის ყველაზე ნაკლებად სასურველი გადაწყვეტილება და უმჯობესია, ბავშვებმა გააგრძელონ საკლასო გარემოში მეცადინეობა, თუმცა, თუკი ეპიდემიური სურათი ამის საშუალებას არ მოგვცემს, რა თქმა უნდა, მეტად მოგვიწევს ჰიბრიდული, დისტანციური რეჟიმის გამოყენება", - ამბობს გაბუნია. 


საქართველოში კორონავირუსით კიდევ 9 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 34 201 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 761 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 537 პაციენტი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2.23%-ია, ბოლო 7 დღის 2.5%, 14 დღის კი - 2.03%. 

8 აპრილის მონაცემებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით სულ 15 693 პირია აცრილი. მათ შორის, ბოლო 24 საათში 1 486-მა პირმა გაიკეთა აცრა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.

საქართველოში ასტრაზენეკას ვაქცინის 43 200 დოზა 13 მარტს შემოვიდა და 15 მარტიდან ვაქცინაცია დაიწყო. Pfizer-ის 29 500 დოზა კი 25 მარტს  შემოვიდა. 25 მარტიდან, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების გარდა, პორტალზე დარეგისტრირება 65 წელს ზემოთ პირებსაც შეუძლიათ. საქართველოში ჩინური წარმოების ვაქცინის, სინოფარმის 100 000 დოზა 3 აპრილს ჩამოვიდა. სინოფარმის ვაქცინა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ჯერ ავტორიზებული არ არის, თუმცა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, მათ იმ პირობით შეიძინეს ჩინური ვაქცინა, რომ აპრილის ბოლომდე ის ავტორიზაციას გაივლის.

21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი კვლავ მოქმედებს.

კომენტარები