ვაქცინაცია

ტიკარაძე: მოქალაქეები სპეციალურ საიტზე ვაქცინაციისთვის წინასწარ დარეგისტრირებას შეძლებენ

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე წინასწარი საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყება. მინისტრი ამბობს, რომ ვაქცინაციის მსურველთათვის საიტი შეიქმნება და მოქალაქეებს ასევე შეეძლებათ აირჩიონ ვაქცინა, რომელიც საქართველოში უახლოეს მომავალში იქნება ხელმისაწვდომი.

"შეიქმნება ვებ-პორტალი, რომელიც გამოქვეყნდება როგორც ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე, სადაც ჩვენს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, წინასწარ დარეგისტრირდნენ ვაქცინაციის სურვილის დასაფიქსირებლად და ასევე მათ საშუალება ექნებათ, აირჩიონ ვაქცინა, რომელიც უახლოეს მომავალში საქართველოში ხელმისაწვდომი იქნება". – ამბობს ტიკარაძე და აღნიშნავს, რომ ეს კვლევა მნიშვნელოვანი სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღებას გაამარტივებს და "იქნება მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რათა მივიღოთ გადაწყვეტილება, რა შემდეგი ვაქცინები იქნება ქვეყანაში შემოტანილი". 

მინისტრს არ დაუკონკრეტებია რეგისტრაციის დაწყების თარიღი. 

საქართველოში ასტრაზენეკას ვაქცინის 43 200 დოზა 13 მარტს შემოვიდა და 15 მარტიდან ვაქცინაცია დაიწყო. Pfizer-ის 29 500 დოზა კი 25 მარტს  შემოვიდა. 25 მარტიდან, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების გარდა, პორტალზე დარეგისტრირება 65 წელს ზემოთ პირებსაც შეუძლიათ. საქართველოში ჩინური წარმოების ვაქცინის, სინოფარმის 100 000 დოზა 3 აპრილს ჩამოვიდა. სინოფარმის ვაქცინა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ჯერ ავტორიზებული არაა, თუმცა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, მათ იმ პირობით შეიძინეს ჩინური ვაქცინა, რომ აპრილის ბოლომდე ავტორიზაციას მიიღებს.

კომენტარები