ნამახვანჰესი

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის: ნამახვანში ინტერნეტის ჩახშობა კონსტიტუციის დარღვევაა

კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის წევრი ორგანიზაციები დაუშვებლად მიიჩნევენ ინტერნეტის ხელმისაწვდომობის შეზღუდვას ნამახვანში.

კოალიცია ხელისუფლებას შეახსენებს, რომ "ინტერნეტზე წვდომა და ინტერნეტით თავისუფლად სარგებლობის უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციით. ნამახვანში მიმდინარე საპროტესტო აქციის მიმართ, მაღალი საჯარო ინტერესის ფონზე კი მიუღებელია კონსტიტუციით გარანტირებული უფლების დაუსაბუთებელი შეზღუდვა". 

"მოვუწოდებთ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს:

- გააკეთოს განმარტება გამოხატვის თავისუფლების უკანონო შეზღუდვის ფაქტის შესახებ

- დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები ინტერნეტის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, რათა ნამოხვანში მყოფმა პირებმა ისარგებლონ ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების უფლებით, ჟურნალისტებს კი ჰქონდეთ სათანადო სამუშაო პირობები პროფესიული საქმიანობის შესასრულებლად.

მოვუწოდებთ კომუნიკაციების კომისიას შეისწავლოს ნამახვანში ინტერნეტის შეფერხების საკითხი და მოგვაწოდოს ინფორმაცია ამ დროისათვის არსებულ მაჩვენებელზე". - წერია ორგანიზაციის განცხადებაში. 

რიონის ხეობაში დღეს პოლიციაა მობილიზებული, გადაკეტილია გზაც.

150 დღეზე მეტია, ადგილობრივი მოსახლეობა ნამახვანჰესის აშენების საწინააღმდეგო აქციებს მართავს. აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები მოითხოვენ კომპანიამ ხეობა დატოვოს და შეჩერდეს მშენებლობა მანამ, სანამ ყველა საჭირო დოკუმენტი სამართლებრივად არ იქნება შესწავლილი. ხელისუფლებაში კი ამბობენ, რომ ჰესის აშენება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისათვის წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება და პროექტი რისკებს არ შეიცავს.

კომენტარები