აშშ

ბაიდენმა ფატუ ბენსუდასთვის და ICC-ის სხვა თანამშრომლებისთვის დაწესებული სანქციები მოხსნა

ფატუ ბენსუდა
www.bet.com

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) თანამშრომლებისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციები და სავიზო შეზღუდვები გააუქმა. შედეგად სანქციები მოეხსნა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორ ფატუ ბენსუდას და იურისდიქციის, კომპლემენტარულობისა და თანამშრომლობის განყოფილების უფროსს, ფაკისო მოჩოჩოკოს. სანქციები ასევე მოეხსნა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იმ თანამშრომლებს, რომლებიც ავღანეთში ჩადენილი ომის დანაშაულების გამოძიებაში არიან ჩართული.

"ეს გადაწყვეტილებები ასახავს ჩვენს შეფასებას, რომ მიღებული ზომები იყო შეუსაბამო და არაეფექტიანი". – ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაში.

"ჩვენ კვლავ მტკიცედ არ ვეთანხმებით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ქმედებებს ავღანეთთან და პალესტინასთან დაკავშირებით. ჩვენ კვლავ ვეწინააღმდეგებით სასამართლოს მცდელობებს, თავისი იურისდიქცია გაავრცელოს არაწევრი სახელმწიფოების, აშშ-სა და ისრაელის, წარმომადგენლებზე. თუმცა ჩვენ გვჯერა, რომ ამ საქმეებთან დაკავშირებული ჩვენი ინტერესები უკეთ იქნება განხილული სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროცესში არსებული ყველა მხარის ჩართულობით და არა სანქციების დაწესებით". – ამბობს ბლინკენი.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი, ფატუ ბენსუდა, ავღანეთში აშშ-ს სამხედრო ძალების მიერ ჩადენილ შესაძლო დანაშაულებებს იძიებს. გასული წლის სექტემბერში მას აშშ-მ სანქციები დაუწესა. ბენსუდა იძიებს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს სავარაუდოდ ჩადენილ სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებებსაც. 2021 წლის იანვარში აშშ-ს ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ ბენსუდა კორუფციაში დაადანაშაულა. 2019 წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ფატუ ბენსუდას ქვეყანაში შესასვლელი ვიზაც გაუუქმა.

2019 წლის სექტემბერში პროკურორს სანქციები პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ივნისში გაცემული ნებართვის საფუძველზე დაუწესდა. ტრამპის გადაწყვეტილებით, ფატუ ბენსუდას გარდა, ეკონომიკური და სამოგზაურო სანქციები დაუწესდათ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ყველა იმ თანამშრომელსაც, რომლებიც ავღანეთში ჩადენილი ომის დანაშაულებათა გამოძიებაში არიან ჩართულები.  სანქციები მოიცავს აშშ-ში ანგარიშების გაყინვას მათთვის, ვინც გამოძიებაში მონაწილეობს.

ტრამპის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ სასამართლო აშშ-ს სუვერენიტეტს არღვევს. მათ მიაჩნიათ, რომ რუსეთი ცდილობს გამოძიებით მანიპულირებას. 

2020 წლის მარტში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება ავღანეთის კონფლიქტში ომის დანაშაულებათა თაობაზე გამოძიების დაწყების შესახებ. სასამართლომ შეცვალა წინა გადაწყვეტილება, რომლითაც მეორე პალატამ უარი თქვა ავღანეთში კაცობრიობის წინააღმდეგ და ომის დანაშაულებათა გამოძიების დაწყებაზე. მაშინ მოსამართლეებმა გადაწყვიტეს, რომ ავღანეთში არსებული სიტუაციის გამოძიება სამართლის ინტერესებს არ ემსახურება.

აშშ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ხელმომწერი არ არის და არ აღიარებს მის უფლებამოსილებას ამერიკის მოქალაქეებზე. ავღანეთი სასამართლოს წევრია.

2003 წლის პირველი მაისის შემდეგ ავღანეთში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტის გამოძიების დაწყება პროკურორმა 2017 წლის 20 ნოემბერს მოითხოვა. გამოძიება ასევე შეისწავლიდა 2002 წლის პირველი ივლისიდან მომხდარ დანაშაულებს.

კომენტარები