აშშ

პომპეო: პროკურორი ფატუ ბენსუდა თანამდებობას ბოროტად იყენებდა და კორუფციაში იყო ჩართული

ფატუ ბენსუდა
www.bet.com

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და პროკურორ ფატუ ბენსუდას კორუფციაში ადანაშაულებს. ამის შესახებ პომპეომ Twitter-ზე დაწერა.

"სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო კორუმპირებული, პოლიტიზებული და არაკომპეტენტურია. მთავარმა პროკურორმა ფატუ ბენსუდამ თანამდებობა ბოროტად გამოიყენა, პირადი სარგებლისთვის ჩართული იყო კორუფციაში და გაფლანგა მილიონობით დოლარი ამერიკელი პერსონალის ბოროტად განზრახულ სასამართლო დევნაში" – წერს პომპეო.

ფატუ ბენსუდა ავღანეთში აშშ-ს სამხედრო ძალების მიერ ჩადენილ შესაძლო დანაშაულებებს იძიებს. გასული წლის სექტემბერში მას აშშ-მ სანქციები დაუწესა. ბენსუდა იძიებს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს სავარაუდოდ ჩადენილ სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებებსაც.

2019 წლის სექტემბერში პროკურორს სანქციები პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ივნისში გაცემული ნებართვის საფუძველზე დაუწესდა. ტრამპის გადაწყვეტილებით, ფატუ ბენსუდას გარდა, ეკონომიკური და სამოგზაურო სანქციები დაუწესდათ სისხლის სამართლის საეთაშორისო სასამართლოს ყველა იმ თანამშრომელსაც, რომლებიც ავღანეთში ჩადენილი ომის დანშაულებათა გამოძიებაში არიან ჩართულები.  სანქციები მოიცავს აშშ-ში ანგარიშების გაყინვას მათთვის, ვინც გამოძიებაში მონაწილეობს.

ტრამპის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ სასამართლო აშშ-ს სუვერენიტეტს არღვევს. მათ მიაჩნიათ, რომ რუსეთი ცდილობს გამოძიებით მანიპულირებას. 

2020 წლის მარტში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება ავღანეთის კონფლიქტში ომის დანაშაულებათა თაობაზე გამოძიების დაწყების შესახებ. სასამართლომ შეცვალა წინა გადაწყვეტილება, რომლითაც მეორე პალატამ უარი თქვა ავღანეთში კაცობრიობის წინააღმდეგ და ომის დანაშაულებათა გამოძიების დაწყებაზე. მაშინ მოსამართლეებმა გადაწყვიტეს, რომ ავღანეთში არსებული სიტუაციის გამოძიება სამართლის ინტერესებს არ ემსახურება.

აშშ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ხელმომწერი არ არის და არ აღიარებს მის უფლებამოსილებას ამერიკის მოქალაქეებზე. ავღანეთი სასამართლოს წევრია.

2003 წლის პირველი მაისის შემდეგ ავღანეთში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტის გამოძიების დაწყება პროკურორმა 2017 წლის 20 ნოემბერს მოითხოვა. გამოძიება ასევე შეისწავლიდა 2002 წლის პირველი ივლისიდან მომხდარ დანაშაულებს.

2019 წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ფატუ ბენსუდას ქვეყანაში შესასვლელი ვიზაც გაუუქმა.

კომენტარები