აშშ

აშშ-მ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს, ფატუ ბენსუდას სანქციები დაუწესა

მაიკ პომპეო
Getty Images

აშშ-მ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს, ფატუ ბენსუდას, რომელიც ავღანეთში აშშ-ს სამხედრო ძალების მიერ ჩადენილ შესაძლო დანაშაულებებს იძიებს, სანქციები დაუწესა.

ამის შესახებ განცხადება გააკეთა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ. სანქციები დაუწესდება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციის, კომპლემენტარულობის და თანამშრომლობის დანაყოფის ხელმძღვანელს ფაკისო მოჩოჩოკოსაც.

"დღეს ჩვენ შემდეგ ნაბიჯს ვდგამთ, რადგან, სამწუხაროდ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ამერიკელების მიზანში ამოღებას აგრძელებს". - თქვა პომპეომ.

სანქციების რისკის ქვეშ იქნებიან ის პირები თუ ორგანიზაციებიც, რომლებიც ბენსუდას და მოჩოჩოკოს დააფინანსებენ.

მისივე თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტი ვიზებს შეუზღუდავს იმ პირებს, რომლებიც გამოძიებაში არიან ჩართული. კონკრეტული პირების ვინაობა პომპეოს არ დაუსახელებია.

პომპეოს თქმით, სანქციები წესდება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ მიმდინარე წლის ივნისში გაცემული ნებართვის საფუძველზე. ტრამპმა გასცა ნებართვა ეკონომიკური და სამოგზაურო სანქციების დაწესებაზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იმ თანამშრომლებისათვის, რომლებიც ავღანეთში ჩადენილი ომის დანაშაულებათა გამოძიებაში არიან ჩართული. სანქციები მოიცავს აშშ-ში ანგარიშების გაყინვას მათთვის, ვინც გამოძიებაში მონაწილეობს. ტრამპის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ სასამართლო აშშ-ს სუვერენიტეტს არღვევს. მათ მიაჩნიათ, რომ რუსეთი ცდილობს გამოძიებით მანიპულირებას.

"ჩვენ არ შეგვიძლია და არ გავდგებით განზე, როდესაც ჩვენს ხალხს კენგურუს სასამართლო ემუქრება. მე მაქვს გზავნილი მსოფლიოში ჩვენი ბევრი ახლო მოკავშირისათვის. შესაძლოა, თქვენი ხალხი შემდეგი იყოს, განსაკუთრებით ნატოს წევრი ქვეყნებისა, რომლებიც ავღანეთში ჩვენს მხარდამხარ ტერორიზმს ებრძვიან", - თქვა ივნისში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევად შეაფასეს. შეშფოთება გამოხატა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმაც.

მიმდინარე წლის მარტში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება ავღანეთის კონფლიქტში ომის დანაშაულებათა თაობაზე გამოძიების დაწყების შესახებ. სასამართლომ შეცვალა წინა გადაწყვეტილება, რომლითაც მეორე პალატამ უარი თქვა ავღანეთში კაცობრიობის წინააღმდეგ და ომის დანაშაულებათა გამოძიების დაწყებაზე. მაშინ მოსამართლეებმა გადაწყვიტეს, რომ ავღანეთში არსებული სიტუაციის გამოძიება სამართლის ინტერესებს არ ემსახურება.

მოსალოდნელია, რომ სასამართლო განიხილავს 2003 წლის მაისიდან ავღანეთში მთავრობის, თალიბანის და აშშ-ის მიერ განხორციელებულ ქმედებებს.

აშშ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ხელმომწერი არ არის და არ აღიარებს მის უფლებამოსილებას ამერიკის მოქალაქეებზე. ავღანეთი სასამართლოს წევრია.

2003 წლის პირველი მაისის შემდეგ ავღანეთში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტის გამოძიების დაწყება პროკურორმა 2017 წლის 20 ნოემბერს მოითხოვა. გამოძიება ასევე შეისწავლიდა 2002 წლის პირველი ივლისიდან მომხდარ დანაშაულებს.

გასულ წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს, ფატუ ბენსუდას, რომელიც ავღანეთში ამერიკელი სამხედროების მიერ სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულებებს იძიებდა, ქვეყანაში შესასვლელი ვიზა გაუუქმა.

აშშ-მ არაერთხელ გააფრთხილა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო(ICC), შეეწყვიტა ეს გამოძიება. მიმდინარე წლის თებერვალში აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ თქვა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ სასამართლოს პროკურორებისა და მოსამართლეების მიმართ მკაცრ სანქციებს აამოქმედებდა. მაგალითად, აუკრძალავდა მათ ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლას, გაუყინავდა ანგარიშებს და სხვ.

კომენტარები