კორონავირუსი საქართველოში

ოზურგეთის, ლანჩხუთის და ზუგდიდის 4 სოფელში COVID-19-ის პრევენციისთვის საკონტროლო პუნქტები მოეწყო

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოზურგეთის, ლანჩხუთის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების 4 სოფელში COVID-19-ის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა მონიტორინგის მიზნით პოლიციის სპეციალური საკონტროლო პუნქტები მოეწყო.

უწყების ცნობით, სოფლებში მოქალაქეთა შესვლა-გამოსვლა არ იზღუდება და არც სხვა მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები არ წესდება.

პოლიციის საკონტროლო პუნქტები ამოქმედდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ჭყონაგორასა და ჩოჩხათში, ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიაში. გურიის რეგიონში დასახელებულ სოფლებში სპეციალური ინფრასტრუქტურა მოეწყო და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა აღნიშნული
პუნქტების ტერიტორიაზე საველე კარვები ააწყვეს.

"უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ჩამოთვლილ სოფლებში შემსვლელ და გამომსვლელ მოქალაქეებს ადგილზე უტარდებათ თერმოსკრინინგი. საჭიროების შემთხვევაში, მათ ადგილზევე ჩაუტარდებათ ტესტირება". – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. 

2 აპრილს პოლიციის საკონტროლო პუნქტები ასევე მოეწყო იგოეთში, სამთავისსა და ქვემო ჭალაში.

3 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 6 ადამიანი გარდაიცვალა. ჩატარდა 29 729 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 580 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 215 პაციენტი. ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 283 369 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 274 145 გამოჯანმრთელდა, 3 804 კი გარდაიცვალა. 

დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.95 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.81 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.85 %.

კომენტარები