ნამახვანჰესი

კომპანიის დირექტორი ნამახვანჰესზე: წინამოსამზადებელი სამუშაოები გაგრძელდება

"არც მუქარაზე და არც სხვა რამეზე საუბარი არ არის, მე ცალსახად განვაცხადე, რომ კომპანია განაგრძობს წინამოსამზადებელ სამუშაოებს და ეს ამოცანა არის დასახული". – ამბობს კომპანია "ენკას" ახალი დირექტორი, მერაბ ლომინაძე, რომელიც რიონის ხეობაში აქტივისტებს დღეს შეხვდა. 

ლომინაძის თქმით, კომპანია წინამოსამზადებელ სამუშაოებს გააგრძელებს, თუმცა ის ძირითადი სამუშაოები, რომელიც ეხება კაშხლის მშენებლობას და რომელთა მიმართაც კითხვები არსებობს, მათზე მუშაობა არ დაიწყება მანამ, სანამ არსებული კვლევები არ გადაიხედება. 

"ჩვენ, როგორც კომპანიამ სრული მზაობა განვუცხადეთ იმ ინიციატივებს, რომელიც გამოთქმულია სამინისტროების მხრიდან, ეკონომიკის, გარემოს დაცვის სამინისტროს მხრიდან, რომ შეიქმნას გარე ექსპერტთა დამოუკიდებელი ჯგუფი, რომელიც შეისწავლის ყველა მასალას, დასკვნას, რომელიც ხელთ გვაქვს. ამავდროულად, მზაობას გამოვთქვამთ, რომ ასევე გავაფართოვოთ, გავააქტიუროთ ჩვენი სოციალური პაკეტები. ძალიან მნიშვნელოვანია, თითოეულმა ხეობის მოსახლემ იგრძნოს ის სიკეთე, რომელსაც ეს ჰესი მოიტანს.

დაწყებულია სხვადასხვა პროექტებზე მუშაობა, შესყიდულია თაფლი, მხარი აქვს დაჭერილი მეღვინეობას, კიდევ უფრო გავაქტიურდებით. ჩვენ დაველაპარაკებით ყველა მხარეს, რომელიც ჩართულია პროცესში. პროექტს გააჩნია სტრატეგიული მნიშვნელობა ქვეყნისთვის, რეგიონისთვის და უშუალოდ, ამ ხეობისთვის. მე ვაღიარებ, რომ იყო კომუნიკაციის ნაკლებობა და ამისთვის ვართ ახლა აქ. 

მზად ვართ, დავსხდეთ და ყველა ის კითხვა, რომელიც აწუხებს გინდ ამ ხეობის მოსახლეობას, გინდ ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს, ამ კითხვებს უნდა გავცეთ პასუხი. ჩვენ მზად ვართ ამისთვის და ყველას მოვუწოდებ, დიალოგის ფორმატში გავმართოთ დისკუსიები, ყოველგვარი ემოციის და სპეკულაციის გარეშე". – თქვა ლომინაძემ.

რიონის ხეობაში დღეს პოლიციაა მობილიზებული, გადაკეტილია გზაც. პოლიციის თქმით, ხეობაში ინტერნეტის კავშირს ამოწმებენ. აქტივისტები კი ითხოვენ, რომ მათთან სასაუბროდ პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ჩავიდეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით არიან რიონის ხეობაში მობილიზებულები.

შსს-ს თანახმად, რიონის ხეობაში მოქალაქეთა გადაადგილება გარკვეულ მიმართულებებზე დროებით იზღუდება პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 25-ე და 26-ე მუხლების შესაბამისად. გარდა ამისა, ადგილზე მობილიზებულია საპოლიციო ინფრასტრუქტურა, მათ შორის, სპეციალური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც რადიოკავშირის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს.

150 დღეზე მეტია, ადგილობრივი მოსახლეობა ნამახვანჰესის აშენების საწინააღმდეგო აქციებს მართავს. აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები მოითხოვენ კომპანიამ ხეობა დატოვოს და შეჩერდეს მშენებლობა მანამ, სანამ ყველა საჭირო დოკუმენტი სამართლებრივად არ იქნება შესწავლილი. ხელისუფლებაში კი ამბობენ, რომ ჰესის აშენება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისათვის წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება და პროექტი რისკებს არ შეიცავს.

 

კომენტარები