მე-9 მოწვევის პარლამენტი

TI: IX მოწვევის პარლამენტში ოპოზიციამ დააინიცირა 217 კანონპროექტი, პარლამენტმა მხარი 4-ს დაუჭირა

ტაბულა

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს მიერ გამოქვეყნებული მე-9 მოწვევის პარლამენტის შეფასების ანგარიშის თანახმად, ამ მოწვევის პარლამენტში ოპოზიციის მხრიდან დაინიცირდა 217 კანონპროექტი, აქედან პარლამენტმა მხოლოდ 4 კანონის პროექტს (3 საკანონმდებლო ინიციატივა) დაუჭირა მხარი. 

"ასევე, იყო შემთხვევები, როდესაც ოპოზიციონერი დეპუტატი უმრავლესობის წევრებთან ერთად იყო თანაინიციატორი, კერძოდ, ამ წესით დაინიცირებული იყო სხვადასხვა პერიოდში 10 საკანონმდებლო ინიციატივა (38 კანონის პროექტი), აქედან მიღებულია 4 საკანონმდებლო ინიციატივა (21 კანონის პროექტი)". – ვკითხულობთ TI-ის ანგარიშში. 

ორგანიზაცია ასევე აქვეყნებს მე-9 მოწვევის პარლამენტის შესახებ ზოგად სტატისტიკას: 

  • მე-9 მოწვევის პარლამენტში ჩატარდა 230 პლენარული სხდომა (მათ შორის – 5 საგანგებო და 47 რიგგარეშე). კვორუმის არარსებობის გამო პლენარული სხდომა არ ჩაშლილა.
  • 4 წლის განმავლობაში პარლამენტმა მიიღო 2204 კანონი, აქედან ყველაზე მეტჯერ მთავრობის ინიციატივებს დაუჭირა მხარი.
  • პარლამენტის 65 წევრმა სულ 2350 კითხვა გაუგზავნა ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირს
  • ჩატარდა 7 ინტერპელაცია. 7-დან 6 შემთხვევაში წერილობითი შეკითხვების ავტორები იყვნენ ოპოზიციური ფრაქციები, ერთ შემთხვევში კი – უმრავლესობის ფრაქცია.
  • მინისტრის საათი 4-ჯერ შედგა. 2020 წლის განმავლობაში განრიგის თანახმად 11 მინისტრის საათი უნდა ჩატარებულიყო, აქედან 7 შემთხვევაში არ ჩატარებულა.
  • საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ 17 მოთხოვნა დარეგისტრირდა, თუმცა შეიქმნა მხოლოდ ერთი –  ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით. ყველა შემთხვევაში ინიციატორები ოპოზიციური ფრაქციები იყვნენ.
  • პარლამენტში 16 თემატური მოკვლევის ჯგუფი შეიქმნა.

 

კომენტარები