მე-9 მოწვევის პარლამენტი

TI: IX მოწვევის პარლამენტში 20 დეპუტატს სიტყვით გამოსვლის უფლებით საერთოდ არ უსარგებლია

პარლამენტი

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს მიერ გამოქვეყნებული მე-9 მოწვევის პარლამენტის შეფასების ანგარიშის თანახმად, ამ მოწვევის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის უფლებით საერთოდ არ უსარგებლია 20 დეპუტატს. ესენი არიან: რუსლან გაჯიევი, ვალერი გელაშვილი, პაატა გოგოხია, ელგუჯა გოცირიძე, მახირ დარზიევი, მუხრან ვახტანგაძე, ჯუმბერ იზორია, ზაზა კედელაშვილი, თეიმურაზ კოხრეიძე, იოსებ მაკრახიძე, სამველ მანუკიანი, ენზელ მკოიანი, რომან მუჩიაშვილი, რამაზ ნიკოლაიშვილი, დიმიტრი სამხარაძე, ერეკლე ტრიპოლსკი, გოდერძი ჩანქსელიანი, ირაკლი ხახუბია, ვიქტორ ჯაფარიძე, ლევან ბეჟანიძე.

შედარებისთვის, ზაზა კედელაშვილს, ენზელ მკოიანსა და რამაზ ნიკოლაიშვილს არც მერვე მოწვევის პარლამენტში უსარგებლიათ სიტყვით გამოსვლის უფლებით.

"მე-9 მოწვევის პარლამენტმა საკონსტიტუციო რეფორმა განახორციელა და ქვეყანა  სრულად გადავიდა საპარლამენტო მართვის მოდელზე. პარლამენტს საკანონმდებლო და მაკონტროლებელი ფუნქციის შესრულება მოუწია საგანგებო მდგომარეობის დროსაც და დაძაბული პოლიტიკური მოვლენების ფონზე, რამაც კიდევ უფრო მეტად წარმოაჩინა ის ხარვეზები, რაც, არაერთი წელია, ვლინდება პარლამენტის საქმიანობის პროცესში.

საკანონმდებლო ნორმების გაუმჯობესება დადებითად აისახა საპარლამენტო კონტროლის განხორციელების პრაქტიკაზე. თუმცა, პროგრესის მიუხედავად, კვლავ პრობლემად რჩება საპარლამენტო კონტროლის განხორციელების პროცესში ოპოზიციის როლი, როგორც დეპუტატების, ასევე მთავრობის წევრთა ანგარიშვალდებულებისა და პასუხისმგებლობის საკითხები". – ნათქვამია ორგანიზაციის ანგარიშში.

კომენტარები