საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, ეს იყო სამუშაო ვიზიტი.
საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მეორე ვიზიტი 9-საათიანი უშედეგო მოლაპარაკებებითა და იმ დოკუმენტით დასრულდა, რომელზეც ხელი არცერთმა პარტიამ არ მოაწერა, მათ შორის, არც ქართულმა ოცნებამ. კრისტიან დანიელსონმა საქართველო 2 დღის წინ, 31 მარტს დატოვა.
წასვლამდე დანიელსონმა მოლაპარაკებაზე წარმომადგენელმა ტექსტი გაასაჯაროვა, სადაც საუბარია შემდეგ პუნქტებზე:
- პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირება
- ამბიციური საარჩევნო რეფორმა
- კანონის უზენაესობა და სასამართლო რეფორმა
- პარლამენტში ძალაუფლების განაწილება
- მომავალი არჩევნები
საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ წარმოდგენილი 5 პუნქტიდან სამზე შეთანხმება შედგა. ლიდერების თქმით, შეთანხმება ვერ შედგა მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით, ვინაიდან ვადამდელი არჩევნები კვლავაც რჩება მათ მთავარ მოთხოვნად, და ასევე, პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით, რაც, მათი განმარტებით, დოკუმენტში სრულყოფილად არ არის წარმოდგენილი.
ვრცლად ამის შესახებ იხილეთ:
კრისტიან დანიელსონის მეორე ვიზიტის შემდეგ ევროპარლამენტარებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც წერია, რომ კომპრომისზე პოლიტიკური პარტიების უარის შემდეგ ევროპარლამენტი შედეგად მოითხოვს ევროკავშირის მაკროფინანსური და საბიუჯეტო დახმარების შეჩერებას საქართველოსთვის.
განცხადებას ხელს აწერენ:
- დევიდ მაკალისტერი (გერმანია), საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და დემოკრატიის მხარდაჭერისა და საარჩევნო კოორდინაციის ჯგუფის თანათავმჯდომარე;
- მარინა კალიურანდი (ესტონეთი), დელეგაციის თავმჯდომარე სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობებში;
- ანდრიუს კუბილიუსი (ლიტვა), ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის თავმჯდომარე;
- ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი (გერმანია), დემოკრატიის მხარდაჭერისა და საარჩევნო კოორდინაციის ჯგუფის მთავარი წევრი საქართველოში;
- სვენ მიკსერი (ესტონეთი), ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებელი საქართველოს შესახებ;
- მაიკლ გალერი (გერმანია), ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებელი უკრაინის საკითხებზე;
- პეტრას აუშტრიავიჩიუსი (ლიტვა), ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებელი ბელარუსის შესახებ.





