ვაქცინაცია

გამყრელიძე: ვაქცინაციის ასაკობრივი ზღვარი ორშაბათიდან, 5 აპრილიდან 55 წელზე ჩამოვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ორშაბათიდან, 5 აპრილიდან, ვაქცინაციის ასაკობრივი ზღვარი 65-დან 55 წელზე ჩამოვა. 

მისივე თქმით, ვაქცინაციის გაფართოების გეგმა ასევე შეეხება ორ ჯგუფს, დიალიზზე მყოფ პაციენტებსა და ორგანოგადანერგილ ადამიანებს. 

"საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ორშაბათიდან 55 წელზე ჩამოვა ასაკობრივი ზღვარი, ანუ 55 წელს ზემოთ მოსახლეობას ექნება საშუალება, აიცრას ორივე ვაქცინაზე. 

ასევე გადაწყვეტილება იქნა მიღებული ორ ჯგუფზე - ეს არის დიალიზზე, სადაც დაახლოებით, 3 500-მდე ადამიანი არის და ასევე, ორგანოგადანერგილი ადამიანები. ეს ორი ჯგუფი, ამ ეტაპზე, დაემატება ვაქცინაციის გაფართოების გეგმას". – ამბობს გამყრელიძე. 

მისი თქმით, ამ ორი ჯგუფის ადამიანებს ინდივიდუალური რეგისტრაცია არ მოუწევთ. როგორც გამყრელიძე განმარტავს, დიალიზზე მყოფი ადამიანების სიას დიალიზის ასოციაცია გადასცემს NCDC-ს, ორგანოგადანერგილებისას კი - ტრანსპლატოლოგიის ასოციაცია და შემდეგ, ადგილზე მოხდება ორგანიზებულად მათი რეგისტრაცია და აცრა. 

"ეს ორგანიზებული ჯგუფებია, ეს არ იქნება, დიდი ალბათობით, ინდივიდუალური რეგისტრაცია, არსებობს დიალიზის ასოციაცია, ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს აქვს სია ამ ადამიანების, ისინი გადმოგვცემენ და მოხდება ორგანიზებულად მათი აცრები. დიალიზის დიდი ცენტრები არის და თვითონ მოაგვარებენ ადგილზე  რეგისტრაციას. შესაბამისად, ასევე, ორგანოგადანერგილებისთვის არსებობს ტრანსპლატოლოგიის ასოციაცია, რომელსაც აქვს რეგისტრი ქვეყანაში, ეს ადამიანები სახელმწიფოსგან იღებენ მედიკამენტებს და ეს სიაც არსებობს ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოში". – ამბობს გამყრელიძე. 

საქართველოში ასტრაზენეკას ვაქცინის 43 200 დოზა 13 მარტს შემოვიდა და 15 მარტიდან ვაქცინაცია დაიწყო. Pfizer-ის 29 500 დოზა კი 25 მარტს  შემოვიდა. 25 მარტიდან, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების გარდა, პორტალზე დარეგისტრირება 65 წელს ზემოთ პირებსაც შეუძლიათ, რომელთაც ექნებათ საშუალება, არჩევანი გააკეთონ Pfizer-სა და AstraZeneca-ს შორის. Pfizer-ით აცრა 30 მარტიდან დაიწო.

კომენტარები