პოლიტიკური კრიზისი

სამადაშვილი: დღეიდან ვგეგმავთ საზოგადოების მობილიზაციას და ვემზადებით 15 მაისის აქციისთვის

ფორმულა

"ჩვენ დღეიდან ვაპირებთ ორი მიმართულებით მუშაობას, საჭიროა საზოგადოების მაქსიმალური მობილიზაცია, რათა გააქტიურდეს ყველა მოქალაქე, ვისაც სურს, რომ იცხოვროს დემოკრატიულ ქვეყანაში. ჩვენ ვგეგმავთ აქციას 15 მაისისთვის და ვიწყებთ მზადებას ამ აქციისთვის". – ამბობს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი ამბობს. 

"ჩვენ დავუთმობთ ძალიან დიდ დროს იმის ახსნას ჩვენი მეგობრებისთვის, თუ რა მოხდა და რატომ ჩაიშალა მოლაპარაკები. ვიმუშავებთ მათთან, რომ გაიზარდოს წნეხი, მათ შორის პირადად ივანიშვილზე". – ამბობს სამადაშვილი. 

მისივე თქმით, პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა შეუძლია მხოლოდ სისტემურ გადატვირთვას, როგორიც არის საკონსტიტუციო ცვლილება და ვადამდელი არჩევნები.

"ქართულმა ოცნებამ გუშინ გამოაცხადა, რომ არაფრის დათმობას არ აპირებენ, საარჩევნო რეფორმაც კი მათთვის აღმოჩნდა, რომ ყველა მისი პუნქტი მისაღები არ არის. ჩვენი მხრიდან კომპრომისი ამ დოკუმენტის მიხედვით და ჩვენს წინადადებებში იყო ძალიან ბევრი. მაგალითად, ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის დიდ უმრავლესობას სურს ვადამდელი არჩევნები რაც შეიძლება სწრაფად. ამის მიუხედავად, ჩვენ ვსაუბრობთ შესაძლო პლებისციტზე, რაც არის ჩვენი მხრიდან კომპრომისი. ამნისტიის შეთავაზება 20 ივნისის თემასთან დაკავშირებით, რომელიც იყო მოცემულ დოკუმენტში, არ არის მარტივი გადაწყვეტილება. ეს არის სწორედ კომპრომისული გადაწყვეტილება, რომელიც  იქნება პოპულარული ბევრ ოპოზიციის მხარდამჭერში. მაგრამ ჩვენ გუშინ არ დაგვიბლოკავს ეს საკითხი. საზოგადოება რაც უფრო მეტ ინფორმაციას გაიგებს გუშინდელ შეხვედრაზე, დარწმუნდება, რომ მზადყოფნა ჰქონდა ოპოზიციას, მართლაც მიღწეულიყო შეთანხება". –ამბობს სამადაშვილი. 

 

ხელისუფლებასთან ევროკავშირის მედიაციით ჩატარებული მოლაპარაკებების ჩავარდნის შემდეგ ოპოზიციამ 20 მარტს მოქალაქეებს სამოქმედო გეგმა გააცნო. გეგმის მიხედვით, ოპოზიციური ლიდერები წინასაარჩევნო რეჟიმზე გადადიან და სხვადასხვა ქალაქსა, თუ რაიონში კარდაკარ კამპანიას ჩაატარებენ. 15 მაისს კი რუსთაველის გამზირზე მასშტაბური აქცია დაიგეგმა. 

საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მეორე ვიზიტი გუშინ, 30 მარტს, დასრულდა 9-საათიანი უშედეგო მოლაპარაკებებითა და იმ დოკუმენტით, რომელზეც ხელი არცერთმა პარტიამ არ მოაწერა, მათ შორის, არც ქართულმა ოცნებამ.

ყველაფერი მოლაპარაკებების ბოლო რაუნდზე წაიკითხეთ - აქ

კომენტარები