ნიკა მელიას საქმე

ვინ არის ბესიკ ბოგველი, რომელსაც ენმ-ს ცნობით, ნიკა მელიას გირაოს გადახდა სურს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცნობით, პარტიის თავმჯდომარისთვის გირაოს გადახდის სურვილი ფსიქოლოგთა განვითარების კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა ბესიკ ბოგველმა გამოთქვა. ადვოკატ გიორგი კონდახიშვილის თქმით, პარტიაში ბოგველის წერილი დღეს, 29 მარტს მიიღეს.

"წერილის შინაარსიდან გამომდინარე, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ აღნიშნულმა ორგანიზაციამ და პირადად ბოგველმა ოფიციალურად მიმართა პროკურატურას და გამოთქვა მზადყოფნა ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული გირაოს თანხა, 40 ათასი ლარის ოდენობით, გადაიხადოს. მინდა, ნიკა მელიას პოზიცია დავაფიქსირო, რომ ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი, მეტიც, დიდი ალბათობით, საქმე გვაქვს ხელისუფლების მიერ დადგმულ სპექტაკლთან". – თქვა კონდახიშვილმა.

ბესიკ ბოგველი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში სახალხო პარტიიდან გორი-კასპის მაჟორიტარ კანდიდატად იყრიდა კენჭს. ის მიიჩნევს, რომ "ბოლო წლებში საქართველოს ხელისუფლებების ანტისახელმწიფოებრივი უმოქმედობისა და დანაშაულებრივი უპასუხისმგებლობის გამო საკამათო გახდა გარეჯის ისტორიული წარმომავლობა და მისი ნაწილის ტერიტორიული კუთვნილება".

კომენტარები