ნიკა მელიას საქმე

ადვოკატი: ვინმე ბესიკ ბოგველმა მელიასთვის გირაოს გადახდის მზადყოფნით პროკურატურას მიმართა

ნიკა მელია
Reuters/Irakli Gedenidze

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდის სურვილი ფსიქოლოგთა განვითარების კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა ბესიკ ბოგველმა გამოთქვა. კონდახიშვილის შეფასებით, ეს ხელისუფლების დადგმული სპექტაკლია. ადვოკატმა აღნიშნა, რომ ნიკა მელიას შეფარდებული აქვს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა, რითაც გირაო ანულირებულია.

"პარტია ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში მივიღეთ ფსიქოლოგთა განვითარების კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის, ვინმე, ბესიკ ბოგველის გადმოგზავნილი წერილი. წერილის შინაარსიდან გამომდინარე, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ აღნიშნულმა ორგანიზაციამ და პირადად, ბოგველმა ოფიციალურად მიმართა პროკურატურას და გამოთქვა მზადყოფნა ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული გირაოს თანხა, 40 ათასი ლარის ოდენობით, გადაიხადოს.

მინდა, ნიკა მელიას პოზიცია დავაფიქსირო, რომ ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი, მეტიც, დიდი ალბათობით, საქმე გვაქვს ხელისუფლების მიერ დადგმულ სპექტაკლთან.

მინდა საზოგადოების საყურადღებოდ განვმარტო, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, როგორც პროკურატურა, ასევე ქართული ოცნების ხელმძღვანელობა საზოგადოებაში ავრცელებენ მესიჯს, რომ ნიკა მელიას შეუძლია, ნებისმიერ დროს გადაიხადოს გირაო და გათავისუფლდეს პატიმრობიდან. ეს არის ტყუილი და ხელისუფლების მიერ გამოყენებული პროპაგანდა, განსაკუთრებით, უცხოელი პარტნიორების გასაგონად.

მინდა, ერთმნიშვნელოვნად განვაცხადო, რომ დღეის მდგომარეობით, ნიკა მელიას აქვს სასამართლოს მიერ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება დაპატიმრება, რომელი გადაწყვეტილებითაც 3 ნოემბერს გამოტანილი გადაწყვეტილება გირაო, არის ანულირებული. შეუძლებელია ნებისმიერი პირის და ისევე, როგორც დიდი სურვილის არსებობის შემთხვევაში, ნიკა მელიას მხრიდან, გირაოს გადახდა როგორც ტექნიკური, ასევე სამართლებრივი საფუძველით. ნიკა მელიას შეფარდებული აქვს დაპატიმრება. პირდაპირ ვსვამ კითხვას - როდესაც თქვენ აცხადებთ, რომ ნიკა მელიას შეუძლია გადაიხადოს გირაო და გათავისუფლდეს იმავე წუთას საპატიმროდან, გთხოვთ, მიგვითითოთ, რომელი გადაწყვეტილების საფუძველზე უნდა გაკეთდეს, რამდენი უნდა გადაიხადოს?", – განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა ინტერპრესნიუსის ცნობით.

ბესიკ დოგველი 2020 წლის არჩევნებზე სახალხო პარტიის გორი - კასპის მაჟორიტარობის კანდიდატი იყო.

კომენტარები