პოლიტიკური კრიზისი

"ხვალ ალბათ რაღაც სურათი გამოიკვეთება" – ენმ-ს და კრისტიან დანიელსონის შეხვედრა დასრულდა

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრების და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის შეხვედრა დასრულდა. აკაკი მინაშვილის თქმით, შეხვედრაზე მედიატორს პოლიტპატიმრების საკითხზე ესაუბრნენ.

"თუ პირველ რიგში ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება არ მოხდება, სრულფასოვანი მოლაპარაკებების გაგრძელება იქნება რთული. შეხვედრები ხვალაც გაგრძელდება და საბოლოო ჯამში ხვალ რაღაც სურათი ალბათ გამოიკვეთება. ჩვენი პოზიციების გაცნობა იყო, შეხვედრები გაგრძელდება" - თქვა მინაშვილმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი ქართული ოცნების წევრებსაც შეხვდა.  დაგეგმილია შეხვედრა სხვა ოპოზიციურ პარტიებთანაც.  ამ დრომდე არ არის დაზუსტებული, როდის გაიმართება გაერთიანებული შეხვედრა ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის, თუმცა, როგორც კრისტიან დანიელსონმა 28 მარტს თბილისში დაბრუნებისას თქვა, ის ქვეყანაში 3 დღის განმავლობაში აპირებს დარჩენას. 

პარტიებთან შეხვედრამდე კრისტიან დანიელსონი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.  ვიზიტის ფარგლებში დანიელსონმა პირველი შეხვედრა არასამთავრობო სექტორთან გამართა. შეხვედრის შემდეგ დანიელსონმა თქვა, რომ ევროკავშირს აქვს წინადადებები, რომლებსაც პარტიებს შესთავაზებენ, თუმცა კომპრომისი მათ უნდა იპოვონ. 

კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა და შეხვედრებს 7 დღის განმავლობაში მართავდა.  18 მარტს კრისტიან დანიელსონის მედიაციით ოპოზიციასა და ქართული ოცნებას შორის 9-საათიანი შეხვედრა გაიმართა, თუმცა მხარეები ვერ შეთანხმდნენ. დანიელსონი მოლაპარაკებების შესახებ ბრიუსელში ანგარიშის ჩასაბარებლად დაბრუნდა.

კომენტარები