"ეს არის შეურაცხმყოფელი განცხადება, მე ასე ვიტყოდი". – ასე შეაფასა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტარის, ანდრიუს კუბილიუსის განცხადება, რომლის მიხედვითაც, ქართული ოცნების და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რეალური ლიდერები ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი არიან და უკეთესი იქნება, კრისტიან დანიელსონი მათ ელაპარაკოს ამ პარტიების "ფორმალური ლიდერების" ნაცვლად.
"ბატონი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა, მან დატოვა პოლიტიკური თანამდებობაც, შემდეგ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობის პოსტი და ღიად განაცხადა, რომ იგი აღარ მონაწილეობს, აღარც აპირებს პოლიტიკაში ჩართვას, ეს ერთი. ეს არის მარტივი ჭეშმარიტება.
მეორე, რაც შეეხება სააკაშვილის შესაძლო ჩართულობას, ეს არის შეურაცხმყოფელი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი სახელმწიფოსთვის, რომ ვიღაც, ვინც არ უნდა იყოს, არ მაინტერესებს აბსოლუტურად, მოგვიწოდებდეს ჩვენ, რომ ეს კრიმინალი, არაერთ მძიმე დანაშაულში მხილებული, ბრალდებული და მისჯილი პიროვნება იქნას ფორმალურად ჩართული რაიმე ფორმით ამ მოლაპარაკებაში". – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.