ნამახვანჰესი

თურქეთის ელჩი ნამახვანჰესზე: არსებობს ფაქტებით მანიპულაცია, რაზეც კომპანიამ უნდა ისაუბროს

ანადოლუ

საქართველოში თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ფატმა სერენ იაზგანმა, ტელეკომპანია ფორმულას ეთერში ნამახვანჰესის საკითხზე ისაუბრა.

თურქეთის ელჩის თქმით, სოციალურ მედიაში წაკითხული და კომპანიისგან მოწოდებული ინფორმაცია ერთმანეთისგან განსხვავდება, რაც მეტყველებს იმაზე, რომ არსებობს ფაქტებით მანიპულაცია და ამაზე კომპანიამ ღიად უნდა ილაპარაკოს, გარემოს დაცვასთან დაკავშირებული საკითხები კი უნდა მოგვარდეს სამეცნიერო გზებით.

"ვაანალიზებ, რომ არსებობს ხალხი, ვისაც არ სურს ჰიდროელექტროსადგურის აშენება, სხვადასხვა საპროტესტო ჯგუფები, რომლებიც პრინციპულად წინააღმდეგები არიან, მაგრამ ესაა მცირე ნაწილი, არსებობს ასევე რეგიონის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც შეშფოთებას გამოთქვამენ გარემოს დაცვასთან დაკავშირებით, ზოგიერთი სეისმოლოგიურ პრობლემებზე საუბრობს, მაგრამ როდესაც ვაკვირდები ახალ ამბებს, რასაც ვკითხულობ სოციალურ მედიაში და რასაც ვიგებ კომპანიისგან, მეტყველებს იმაზე, რომ არსებობს ფაქტებით მანიპულაცია, მე მოვუწოდებ კომპანიას, ღიად გამოვიდეს და ილაპარაკოს.

თუ არსებობს შეშფოთების საგანი გარემოს დაცვასთან დაკავშირებით, ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, უნდა მოგვარდეს სამეცნიერო გზებით და დარწმუნებული ვარ, კომპანია ამას გააკეთებს, მაგრამ ჩემი სამუშაო, როგორც ელჩის, არის თურქი ინვესტორების დაცვა და თქვენი დარწმუნება, რომ მათ არ აქვთ დამაზიანებელი გეგმები. მე ვფიქრობ საქართველოს ენერგოუსაფრთხოებაზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია".

იაზგანი აღნიშნავს, რომ კომპანიის კორუფციაში ჩართულობის ბრალდება არის შეურაცხყოფა და ამის არავითარი საფუძველი არსებობს.

მისი თქმით, თურქული კომპანიები თავიდანვე გრძნობდნენ, რომ საქართველოში საჭირონი იყვნენ და სწორედ ამიტომ აკეთებდნენ ინვესტიციებს ტურიზმში, მცირე წარმოების სექტორში, ინფრასტრუქტურაში და ა.შ. ისინი ხედავენ, რომ საქართველოში შესაძლებელია გამჭვირვალე, მომგებიანი ბიზნესმოდელის შექმნის, ნამახვანჰესის შემთხვევაში კი 800 მილიონიანი ინვესტიცია წარმოადგენს ნდობის დემონსტრირებას.

"ეს კომპანია ძალიან მაღალი რეპუტაციის მქონეა თურქეთში და მსოფლიოში, იმის თქმა, რომ კომპანია ჩართულია კორუფციაში, არის შეურაცხყოფა და ეს გახლავთ სერიოზული ბრალდება. როგორც ელჩს შემიძლია, დაგარწმუნოთ, რომ არავითარი საფუძველი არ არსებობს ამ კომპანიის დადანაშაულებისა კორუფციაში, ისინი არიან სახელმწიფოს, მთავრობის პარტნიორები". – ამბობს თურქეთის ელჩი.

150 დღეზე მეტია, ადგილობრივი მოსახლეობა ნამახვანჰესის აშენების საწინააღმდეგო აქციებს მართავს. აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ მანამ, სანამ ყველა საჭირო დოკუმენტი სამართლებრივად არ იქნება შესწავლილი. ხელისუფლებაში კი ამბობენ, რომ ჰესის აშენება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისათვის წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება და პროექტი რისკებს არ შეიცავს.

გასული წლის 29 ოქტომბრის აქციაზე ხალხმა მშენებლობისთვის განკუთვნილ ადგილზე ჯვარი აღმართა. 14 ნოემბრის აქცია, რომელზეც აქციის მონაწილეებმა ქუთაისისა და ლეჩხუმის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა გადაკეტეს, პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა. 

 

კომენტარები