ნამახვანჰესი

თურქეთის ელჩი ნამახვანჰესზე: ანტითურქული პროპაგანდა შემაშფოთებელია

youtube.com

"ეს არ არის საქართველო, რომელსაც ვიცნობ". – ასე გამოეხმაურა საქართველოში თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ფატმა სერენ იაზგანი, ნამახვანჰესის აშენების საწინააღმდეგო პროტესტისას გაჟღერებულ თურქოფობიურ განცხადებებს.

"ჩემთვის მოულოდნელი იყო ხელშეკრულების დადებიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ დაწყებული პროტესტის ხილვა. მეორე, რამაც გამაკვირვა, ანტითურქული, თურქოფობიური და რაღაც შემთხვევაში, ისლამოფობიური პროპაგანდაა, ეს ძალიან შემაშფოთებელია, რადგან მე პატივს ვცემ ქართულ კულტურას, მართლმადიდებლური სარწმუნოება განუყოფელი ნაწილია ქართული იდენტობის, მაგრამ, როდესაც ჯვარი აღიმართება სამშენებლო უბანზე და ჩვენ ვამბობთ, რომ არ გვინდა თურქული კომპანია საქართველოში, მე ეჭვები მიჩნდება, რომ ეს არ არის ის საქართველო, რომელსაც ვიცნობ". – ამბობს თურქეთის ელჩი.

იაზგანმა აქტივისტების მიერ მშენებლობის ადგილზე ჯვრის აღმართვის ფაქტზეც ისაუბრა და თქვა, რომ რელიგიური სიმბოლოს ამ საკითხში შემოტანა არის ძალიან სენსიტიური, რომელიც არ უნდა ქმნიდეს პერეცედენტს თურქი ინვესტორებისთვის.

"როდესაც ვსაუბრობთ რელიგიურ ნარატივზე, რომელიც ჩვენ დავინახეთ, რომ ყოფილიყო კომპანია ისრაელიდან, იტალიიდან, ამერიკიდან, ვინმე აღმართავდა ჯვარს? არ ვიცი. ამიტომაც, მინდა ვკითხო ადამიანებს, რატომ შემოგაქვთ რელიგიური სიმბოლო? მე ვფიქრობ, ეს ძალიან სენსიტიურია. მე არ მსურს ეს პრეცედენტს ქმნიდეს თურქი ინვესტორებისთვის. ვინც ამის უკან დგას, სურს ორი რამის შეწყვეტა: პირველი არის თურქი ინვესტორების კომფორტული ურთიერთობა საქართველოში, მეორე კი ეხება ენერგოუსაფრთხოების საკითხს". – ამბობს იაზგანი.

150 დღეზე მეტია, ადგილობრივი მოსახლეობა ნამახვანჰესის აშენების საწინააღმდეგო აქციებს მართავს. აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ მანამ, სანამ ყველა საჭირო დოკუმენტი სამართლებრივად არ იქნება შესწავლილი. ხელისუფლებაში კი ამბობენ, რომ ჰესის აშენება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისათვის წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება და პროექტი რისკებს არ შეიცავს.

გასული წლის 29 ოქტომბრის აქციაზე ხალხმა მშენებლობისთვის განკუთვნილ ადგილზე ჯვარი აღმართა. 14 ნოემბრის აქცია, რომელზეც აქციის მონაწილეებმა ქუთაისისა და ლეჩხუმის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა გადაკეტეს, პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა. 

კომენტარები