მიანამრი

მიანმარში უშიშროების ძალებმა 90-ზე მეტი ადამიანი მოკლეს

მიანმარში უშიშროების ძალებმა ერთ დღეში 90-ზე მეტი ადამიანი მოკლეს. ეს პროტესტის ერთ-ერთ ყველაზე სისხლიანი დღეა.

ამავე დღეს მიანმარში სამხედრო ძალების დღეა. გადატრიალების ლიდერმა, უფროსმა გენერალმა მინ აუნგ ჰლიანგმა პარადზე თქვა, რომ სამხედროები ხალხს დაიცავენ და დემოკრატიისთვის იბრძოლებენ. 

პარადს დაესწრო რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ალექსანდრ ფომინი. ერთი დღით ადრე ის მაღალი რანგის სამხედრო გადატრიალების ლიდერებს შეხვდა.

"რუსეთი ნამდვილი მეგობარია". - თქვა მინ აუნგ ჰლიანგმა

დიპლომატებმა განაცხადეს, რომ რვა ქვეყანამ - რუსეთმა, ჩინეთმა, ინდოეთმა, პაკისტანმა, ბანგლადეშმა, ვიეტნამმა, ლაოსმა და ტაილანდმა - მიანმარში წარმომადგენლები გაგზავნა, თუმცა, რუსეთი ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელმაც მინისტრის მოადგილე მიავლინა. 

სახელმწიფო ტელევიზიის გაფრთხილების მიუხედავად, რომ მომიტინგეებს, შესაძლოა, "თავში ან ზურგში ესროლონ", სამხედრო მმართველობის წინააღმდეგ აქციები მაინც გაიმართა იანგონში, მანდალაისა და სხვა ქალაქებში. 

სიახლეების სააგენტოს, The Myanmar Now-ის ინფორმაციით, სამხედროებმა 91 ადამიანი მოკლეს. 

ადგილობრივი მედიის მიხედვით, მანდალაიში 29 ადამიანი, მათ შორის, ერთი ხუთი წლის ბიჭი მოკლეს. იანგონში მოკლულია 24 პირი. 

ადგილობრივი ახალი ამბების თანახმად, ერთი წლის ბავშვს თვალში რეზინის ტყვია ესროლეს. 

სამხედრო მმართველობის მოწინააღმდეგე ჯგუფის სპიკერმა თქვა, რომ "დღევანდელი დღე შეიარაღებული პირების სირცხვილის დღეა".

არსებული ინფორმაციით, სამხედრო გადატრიალების შემდეგ დაახლოებით, 400-ზე მეტი სამოქალაქო პირი მოკლეს.

სამშაბათს, 23 მარტს, მიანმარის სამხედრო ხუნტამ მწუხარება გამოთქვა დემონსტრანტების სიკვდილის შემთხვევებთან დაკავშირებით, მაგრამ ამაში თავად ისინი დაადანაშაულა.

აშშ-მ და ევროკავშირმა მიანმარის სამხედრო ლიდერებს გასული კვირის ბოლოს სანქციები დაუწესეს.


პირველ თებერვალს მიანმარში სამხედრო გადატრიალება მოხდა. ქვეყანაში ერთი წლით გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, ძალაუფლება კი სამხედრო ძალებს გადაეცა, კონკრეტულად - მთავარსარდალ მინ აუნ ჰლაინს. ქვეყნის დეფაქტო ლიდერი აუნ სან სუ ჩი და სხვა პოლიტიკოსები, მათ შორის პრეზიდენტი, დააკავეს. ისინი შინაპატიმრობაში არიან.

სამხედრო გადატრიალება არჩევნების შემდგომ სამოქალაქო ხელისუფლებასა და სამხედრო ძალების წარმომადგენლებს შორის დაპირისპირების ზრდას მოჰყვა. შეიარაღებული ძალების ლიდერებს მიაჩნიათ, რომ ნოემბერში გამართული არჩევნები, რომელშიც აუნ სან სუ ჩის პარტიამ გაიმარჯვა, გაყალბდა.

სამხედრო გადატრიალებას ქვეყანაში ფართომასშტაბიანი პროტესტი მოჰყვა. დემონსტრანტების წინააღდეგ სამართალდამცველები ცრემლსადენ გაზს, რეზინის ტყვიებს, ხმოვან ყუმბარებს და ცეცხლსასროლ იარაღს იყენებენ.

ორგანიზაციის, პოლიტიკური პატიმრების დახმარების ასოციაციის თანახმად, სამხედრო გადატრიალების შემდეგ 2 600 ადამიანზე მეტი დააკავეს.

კომენტარები