COVID-19-ის მედიკამენტი

PFIZER-მა COVID-19-ის წამლის კლინიკური გამოცდა დაიწყო

ფარმაცევტულმა კომპანია Pfizer-მა კვლევის ფარგლებში Covid-19-ის წამლის გამოცდა კლინიკური გამოცდა დაიწყო. მედიკამენტი გამიზნულია ავადმყოფობის ადრეულ ეტაპზე, პირველი სიმპტომების გამოჩენისთანავე სამკურნალოდ. მედიკამენტი აბის ტიპისაა.

თუ კლინიკური კვლევები წარმატებული იქნება, წამლის დანიშვნა შესაძლებელი გახდება ორგანიზმში ინფექციის გავრცელების შესაჩერებლად.

მედიკამენტი უკავშირდება ვირუსის ცილას, პროტეაზას, რაც ვირუსის რეპლიკაციას, გამრავლებას, აჩერებს. მსგავსი პრინციპით მოქმედ, პროტეაზას ინჰიბიტორ (დამბლოკველ) მედიკამენტებს წარმატებით იყენებენ სხვა ვირუსული დაავადებების, მათ შორის აივ-ისა და ჰეპატიტი-C-ს სამკურნალოდ.

"იმის გათვალისწინებით, როგორ აგრძელებს SARS-CoV-2 მუტაციას და როგორი გლობალური გავლენა აქვს Covid-19-ს, ნათელია, რომ კრიტიკული მნიშვნელობა ექნება სამკურნალო საშუალებების ქონას ახლაც და პანდემიის შემდეგაც". – თქვა მიკაელ დოლსტენმა, Pfizer-ის მთავარმა მეცნიერმუშაკმა.

დოლსტენის თანახმად, კვლევებში ჯერჯერობით მოულოდნელი პრობლემები არ წამოჭრილა და შედეგები რამდენიმე კვირაში შეიძლება უკვე ხელმისაწვდომი იყოს.

Pfizer-ი უკვე მეორე პროტეაზას ინჰიბიტორის პრინციპით მოქმედ მედიკამენტს ცდის ადამიანთა ჯგუფზე. მეორე მედიკამენტი ჰოსპიტალიზებული პაციენტებისთვისაა განკუთვნილი და ორგანიზმში მისი შეყვანა ინტრავენურად ხდება.

კორონავირუსით ინფიცირებულებისთვის დაავადების საწყის ეტაპზე მკურნალობის საშუალებების დიდი არჩევანი არ არის. მაგალითად, ანტისხეულების თერაპია, რომელიც აშშ-შია ავტორიზებული, გვერდითი ეფექტების განვითარების მაღალ რისკებთანაა დაკავშირებული. გარდა ამისა, მკურნალობა პაციენტებმა საავადმყოფოში ექიმის ზედამხედველობის ქვეშ უნდა მიიღონ. იქიდან გამომდინარე, რომ Pfizer-ის ახალი მედიკამენტი აბია, დამტკიცების შემთხვევაში, მისი გამოყენება უფრო მარტივი იქნება.

თუ ახალი მედიკამენტის პირველი ფაზის გამოცდა წარმატებული იქნება, კომპანია გეგმავს, მეორე და მესამე ფაზა გაერთიანებულად წლის მეორე კვარტალში დაიწყოს. მიკაელ დოლსტენის თანახმად, ამ ტემპით აშშ-ს მარეგულირებელი სააგენტოსთვის, საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციისთვის პრეპარატის დამტკიცებისთვის მიმართვა წლის ბოლოს უკვე შესაძლებელი იქნება.

წამლის ეფექტიანობის გამოცდის საწყის ეტაპზე კვლევა ფოკუსირდება ახლად ინფიცირებულ ადამიანებზე. Pfizer-ი ასევე გეგმავს გამოიკვლიოს, შეძლებს თუ არა მედიკამენტი, ინფექციისგან დაიცვას ის ადამიანები, რომლებსაც ინფიცირებულებთან კონტაქტი აქვთ, მათთან ერთად ცხოვრება უწევთ.

დოლსტენის თანახმად, Pfizer-ის წამალს რამდენიმე პოტენციური უპირატესობა აქვს. ლაბორატორიულ კვლევებში მედიკამენტი ეფექტიანია სხვადასხვა კორონავირუსების წინააღმდეგ. გარდა ამისა, კორონავირუსის პროტეაზა მარტივად არ მუტირებს, რაც ნიშნავს, რომ Pfizer-ის მედიკამენტი, სავარაუდოდ, ეფექტიანი იქნება ახალი კორონავირუსის სხვადახვა ვარიანტების წინააღმდეგ.  

Pfizer-ი გეგმავს კვლევასთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაცია ამერიკის ქიმიის საზოგადოების შეხვედრაზე გაავრცელოს.

კომენტარები