ვაქცინაცია

გაბუნია: ვაქცინაციის შემდეგი ასაკობრივი ჯგუფი იქნება 55 წლის ზემოთ

თამარ გაბუნია

"ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ვაქცინა, რომელზედაც მთელი მსოფლიო ძალისხმევით იბრძვის, გამოუყენებელი დაგვრჩეს". – ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ვაქცინაციის შემდეგი ასაკობრივი ჯგუფი 55 წლის ზემოთ იქნება.

"ამდენად, როგორც კი შევხედავთ, რომ აქტივობა არ არის საკმარისად მაღალი, რეგისტრაცია გაიხსნება 55 წელს ზემოთ პირებისთვის. მსოფლიო მონაცემები მიუთითებს, რომ მოსახლეობის 30 პროცენტი არის ის რაოდენობა, რომელსაც სურს, რომ ვაქცინაცია გაიკეთოს. ჩვენ ძალიან დაბალ მაჩვენებელზე ვართ, თუმცა პოტენციალი, რომ ვაქცინების ათვისება სწრაფად მოხდეს, ჯერ კიდევ არსებობს. შესაძლოა, 100 დოზა გამოყოფილი იყოს ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფის ცნობილი ადამიანებისათვის, ამას კარგად სჭირდება დაგეგმვა და საზოგადოების ჩართულობა". – პირველი არხის ცნობით, ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.

ჯანდაცვის სამინისტრომ 22 მარტს ვაქცინაციის პროცესში ასაკობრივი ჯგუფი უკვე დაამატა. 65 წელს ზემოთ მყოფ პირებს რეგისტრაციის გავლა 25 მარტიდან შეეძლებათ.

საქართველოში ასტრაზენეკას ვაქცინის 43 200 დოზა საქართველოში 13 მარტს შემოვიდა და 15 მარტიდან ვაქცინაცია დაიწყო. ჯერჯერობით, აცრა მხოლოდ სამედიცინო პერსონალისთვისაა შესაძლებელი.

დღეს, 24 მარტს, ქვეყანაში Pfizer-ის ვაქცინა შემოვა. ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ფაიზერი შემოვა, მოქალაქეებს ვაქცინის არჩევა შეეძლებათ.

კომენტარები