პოლიტიკური კრიზისი

პაპუაშვილი: კენტი არ ეთანხმება, რომ ოცნება და მისი მილიონი ამომრჩეველი პუწინის მონაა

ქართული ოცნების ახალი სახე, შალვა პაპუაშვილი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება აშშ-ს სენატში 23 მარტს საქართველოს შესახებ გამართულ მოსმენას, სადაც სენატორებმა სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნებთან ერთად ქვეყანაში არსებული კრიზისი განიხილეს. 

"ჯორჯ კენტი სენატის წინაშე საჯაროდ არ ეთანხმება ნაციონალური მოძრაობის, ევროპული საქართველოს, ლელოს, სტრატეგია აღმაშენებლის, გირჩი - მეტი თავისუფლების, TV მთავარის, TV პირველის, TV ფორმულას, სირცხვილიას, თავისუფლების გამავრცელებელი (პრონწკი) საზოგადოების და მისთანათა წევრებს, რომ ქართული ოცნება და მისი მილიონი ამომრჩეველი არის რუსეთის აგენტი, პუწინის მონა, ეფესბე, გავრილოვები...

ანუ, ეგენი ყველა, ძალად მედასავლეთეები, აგერ უკვე რამდენი წელია, უბრალოდ, ტყუილებს ლაპარაკობენო, რომ თავის მომხრეები გააგიჟონ და გადარიონო, თითქოს, აი, რუსი მოდის და არიქა ხალხო დავირაზმოთ... გვირაბი გავთხაროთ... კარვები გავშალოთ... ხეობები ჩავხერგოთ... და გავათავისუფლოთ (...რაღაცა მაინც, ვიღაცისგან მაინცო).

ანუ მატყუარები არიანო. ცუდია ეგო. ნუ იტყუებიანო. დავიღალეთო". – წერს შალვა პაპუაშვილი. 

აშშ-ს სენატორმა, ჯინ შაჰინმა იკითხა, იღებდა თუ არა ქართული ოცნების ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი დავალებებს რუსეთისგან. მის პასუხად სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა, ჯორჯ კენტიმ თქვა, რომ პარტიის მთავრობების არჩეული მიმართულება პროდასავლური იყო. 

23 მარტს გამართულ სხდომას სენატორი ჯინ შაჰინი უძღვებოდა. მოსმენაზე სენატორებმა ერთ-ერთ საკითხად განიხილეს, დამატებით რა შეიძლება გააკეთოს აშშ-მ მიმდინარე კრიზისში საქართველოს დასახმარებლად.

სენატორმა რონ ჯონსონმა წამოაყენა წინადადება, აშშ-ს სენატმა მიიღოს რეზოლუცია, რათა პოლიტიკურმა პარტიებმა თავად და ერთიანი ძალებით გადაჭრან უთანხმოება.

კომენტარები