ვაქცინაცია

"მისასალმებელია, ვაქცინა უნდა გამოიყოს" – გამყრელიძე ვაქცინაციაში მოხალისეების ჩართვაზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე მოქალაქეების ინციატივას ეხმაურება - კორონავირუსის ვაქცინის პოპულარიზაციის მიზნით, საჯაროდ აიცრან. გამყრელიძე ამბობს, რომ ინიციატივა მისასალმებელია და ამ მიზნით ვაქცინის დოზები უნდა გამოიყოს.

"ეს ინიციატივა მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია. სანამ წერილი შემოვიდოდა, ამაზე იყო მსჯელობა სამინისტროს ვაქცინაციის საბჭოზეც და იყო შეთანხმება, რომ ამ ინიციატივას აუცილებლად შემხვედრი ნაბიჯები უნდა. შესაბამისი დოზები ვაქცინებისა, რაც ძალიან ლიმიტირებულია, უნდა გამოიყოს ამ მიზნით. კარგი იქნება, თუ გამოიყოფა ამ ჯგუფიდან 2-3 ადამიანი, რომ კონკრეტულ გეგმაზე შევჯერდეთ. მზად ვართ, შემდგომ ნაბიჯებზე ჩამოვყალიბდეთ და გავაკეთოთ ეს განცხადება, მე ამაზე დიდ პრობლემას ვერ ვხედავ, პირიქით მადლობელი ვარ, თუ იქნება კარგი მაგალითები მოსახლეობისთვის". – თქვა ამირან გამყრელიძემ მთავართან ინტერვიუში. 

მოხალისეების მიერ კორონავირუსის ვაქცინის საჯაროდ გაკეთების შესახებ Facebok-ზე ბიოლოგმა ლევან ბუთხუზმა დაწერა. წერილს, რომელიც პრემიერმინისტრ ღარიბაშვილს, ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძესა და ამირან გამყრელიძეს გაუგზავნეს, ხელს 100-ზე მეტი ადამიანი აწერს. მოხალისეები მათ სთავაზობენ, თავად აარჩიონ ხელისმომწერთაგან 50 ადამიანი, რომლებიც კორონავირუსის ვაქცინას საჯაროდ გაიკეთებენ.


23 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ვაქცინით აცრილია 4 000-ზე მეტი სამედიცინო პერსონალი. ჯანდაცვის სამინისტრომ ვაქცინაციის პროცესში ასაკობრივი ჯგუფი დაამატა -  65 წელს ზემოთ მყოფ პირებს რეგისტრაციის გავლა 25 მარტიდან შეეძლებათ. 

კომენტარები