პრინცი ჰარი

პრინცმა ჰარიმ სტარტაპში დაიწყო მუშაობა

სასექსის ჰერცოგმა კალიფორნიაში სტარტაპ BetterUp-ში დაიწყო მუშაობა. ინფორმაცია CNN-ს კომპანიამ დაუდასტურა.

BetterUp-ი მომხმარებლებს მენტალური ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სერვისებს სთავაზობს. კომპანიის თანახმად, პრინცი ჰარი კომპანიის ლიდერშიფის გუნდის ნაწილია. კომპანიის საიტზე ის დახასიათებულია, როგორც "ჰუმანისტი, სამხედრო ვეტერანი, მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების ქომაგი და გარემოს დაცვის მომხრე".

BetterUp-ში კომპანიის სტრატეგიასთან, ქველმოქმედებასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმუშავებს და მენტალური ჯანმრთელობის საკითხებზე საზოგადოების ყურადღების გამახვილებას შეუწყობს ხელს. კომპანია არ ასაჯაროებს, რამდენი იქნება პრინცის ანაზღაურება.

თავად პრინცმა ჰარიმ კომპანიაში მუშაობის დაწყების მიზეზებზე საუბრისას აღნიშნა, რომ BetterUp-ის გუნდის წევრობა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც კომპანიაში ადამიანების დახმარების საერთო სურვილი დაინახა. სასექსის ჰერცოგმა ასევე თქვა, რომ BetterUp-ის სერვისით თავადაც უსარგებლია.

"BetterUp-ის მწვრთნელთან მუშაობა პირადად ჩემთვის ფასდაუდებელი იყო. ძალიან კარგ მწვრთნელთან აღმოვჩნდი, რომელმაც საინტერესო და ახალი პერსპექტივა მაპოვნინა". –თქვა პრინცმა.

კომპანიაში მუშაობის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე პრინცმა ჰარიმ და სასექსის ჰერცოგინიამ მეგან მარკლმა ოპრა უინფრის ინტერვიუ მისცეს. ინტერვიუში ჰარიმ და მეგანმა დიდი ბრიტანეთისა და სამეფო ოჯახის დატოვების მიზეზებზე ისაუბრეს.

კომენტარები