პრინცი ჰარი და მეგან მარკლი

პრინცი ჰარი: მეგან მარკლმა ჩემი ცხოვრება იხსნა, მის გარეშე სამეფო ოჯახს ვერ დავტოვებდი

CBS

დღეს, 8 მარტს, CBS-ზე ოპრა უინფრისთან პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ინტერვიუ გავიდა.

2-საათიან ინტერვიუში წყვილმა ბევრ თემაზე ისაუბრა, მათ შორის დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახში ცხოვრების სირთულეებზე, ოჯახის წევრებთან ურთიერთობაზე, მათ მენტალურ ჯანმრთელობასა და ერთმანეთზე.

ოპრა უინფრი პრინც ჰარის მის ცხოვრებაში მეგან მარკლის როლზეც ესაუბრა და ჰკითხა, მიიღებდა თუ არა სამეფო ოჯახის დატოვების გადაწყვეტილებას მის გარეშე.

"პასუხი შენს კითხვაზე არის - არა. ამის შესაძლებლობა არ მექნებოდა, რადგან გაჭედილი ვიყავი, ვერ ვხედავდი თავის დასაღწევ გზას. გაჭედილი ვიყავი, მაგრამ არაფერი ვიცოდი ამის შესახებ. თუმცა, როდესაც მეგანს შევხვდი, ჩვენი სამყაროები გასაოცრად გაერთიანდა და მე დავინახე, რამდენად გაჭედილი იყო მთელი ოჯახი სისტემაში. მამაჩემი და ჩემი ძმაც გაჭედილები არიან. ისინი ამას [სამეფო ოჯახს] ვერ დატოვებენ და მე მათ მიმართ თანაგრძნობა მაქვს". - თქვა მან.

ამის შემდეგ პრინცმა ჰარიმ თქვა, რომ "ყოველგვარი კითხვის გარეშე, მან [მეგან მარკლმა] ჩემი ცხოვრება იხსნა".

ოპრა უინფრიმ მას ასევე ჰკითხა, რა რეაქცია ექნებოდა პრინცესა დიანას იმ ყველაფერზე, რაც სამეფო ოჯახში ხდებოდა.

"მე ვფიქრობ, ის ძალიან გაბრაზებული და ამავდროულად ძალიან დამწუხრებული იქნებოდა, თუმცა ერთადერთი რაც მას ყოველთვის უნდოდა, იყო ის, რომ ჩვენ ბედნიერები ვყოფილიყავით". - უპასუხა მან.

პრინცმა ჰარიმ ისიც თქვა, რომ მისმა ოჯახმა ფინანსური უზრუნველყოფა შეუწყვიტა და მას მოუწია, რომ დედამისის მიერ დატოვებული თანხით ეცხოვრა.

"ჩემმა ოჯახმა დაფინანსება შემიწყვიტა და უსაფრთხოების საკითხების მოგვარება ჩვენთვის მე მომიწია. 2020 წლის პირველი ოთხი თვე ერთადერთი რაც მქონდა, დედაჩემის დატოვებული ფული იყო და ყველაფერი მაგით გავაკეთე. შენ მკითხე, რა რეაქცია ექნებოდა დედაჩემს ამ ყველაფერზე, ჩემი აზრით, ის გრძნობდა, რომ მსგავსი რამ მოხდებოდა და ამ პროცესის განმავლობაში თითქოს ის ყოველთვის ჩემთან იყო". - თქვა მან.

პრინცმა ჰარიმ ბებიამისზე - დედოფალ ელისაბედზეც ისაუბრა და თქვა, რომ მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს.

"გასულ წელს ბებიაჩემს იმაზე მეტი ველაპარაკე, ვიდრე ბოლო ძალიან ბევრ წელიწადში ერთად. ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს და მე მას პატივს ვცემ". - თქვა მან.

2020 წლის  8 იანვარს, სასექსის ჰერცოგინიამ და პრინცმა ჰარიმ განცხადება გაავრცელეს, რომ ისინი უარს ამბობენ სამეფო ტიტულებზე და დროის გატარებას დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ამერიკაში გეგმავენ. მათ ასევე თქვეს, რომ მუშაობენ, რათა გახდნენ ფინანსურად დამოუკიდებლები.

ამის შემდეგ სამეფო ოჯახს შორის დაიწყო მოლაპარაკებები, რის შედეგადაც დიდი ბრიტანეთის დედოფალმა განაცხადა, რომ ოჯახი პატივს სცემს ჰარისა და მეგანის სურვილის, რომ დაიწყონ ახალი ცხოვრება.

მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, 18 იანვარს, ბუკინგემის სასახლე უკვე ოფიციალურად დაეთანხმა პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის მოთხოვნას და მათ სამეფო ტიტულები ჩამოართვა.

კომენტარები