უკანონო თვალთვალი

საია სავარაუდო თვალთვალზე: მხარდაჭერას ვუცხადებთ დოლიძეს და მიყურადების ყველა მსხვერპლს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) მთავარი არხის ეთერში გასულ ინტერვიუს ეხმაურება, რომელშიც, სავარაუდოდ, სუს-ის ყოფილი თანამშრომელი მოძრაობა ხალხისთვის ლიდერის, ანა დოლიძის სახლში ფარული ვიდეოკამერის დამონტაჟებაზე ლაპარაკობს.

ორგანიზაცია მოუწოდებს შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს, გადაცემა პოსტ ფაქტუმში გასული ინფორმაციის ნამდვილობის და შესაბამისი რეაგირების მიზნით დროულად დაიწყოს გამოძიება. ამასთანავე, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე გამოძიების დაწყებასა და მიმდინარეობასთან დაკავშირებით უზრუნველყოს საზოგადოების ინფორმირება.

"საია გმობს პირადი ცხოვრების უკანონო ხელყოფას. მხარდაჭერას უცხადებს ანა დოლიძეს და უკანონოდ ფარული მიყურადების ყველა მსხვერპლს.

ამსათანავე აღვნიშნავთ, რომ საქართველოში, უახლოეს წარსულში არსებობს ფარული მიყურადების შედეგად მოპოვებული პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნების მძიმე გამოცდილება და შედეგები, აღნიშნული კი მოითხოვს შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მხრიდან დროულ, მიუკერძოებელ და ეფექტიან გამოძიებას. ამგვარი ხერხებით ბრძოლის ადრესატები უმეტესწილად არიან პოლიტიკოსი და ჟურნალისტი ქალები,  რათა პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟისა თუ გამოქვეყნების შემდეგ მოხდეს მათი პოლიტიკური თუ ჟურნალისტური საქმიანობიდან ჩამოშორება.

ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრება ხელშეუვალია და დაუშვებელია პირად ცხოვრებაში უკანონოდ ჩარევა, უკანონო ფარული ჩანაწერების გამოყენებით პირთა შანტაჟი და დევნა. აუცილებელია, რომ სახელმწიფო შესაძლო უკანონო ფარული მიყურადების ფაქტებთან დაკავშირებით ახდენდეს მყისიერ რეაგირებას და ეფექტიანი გამოძიებისა და სისხლისამართლებრივი დევნის მექანიზმების გამოყენებით იცავდეს პირთა პირად ცხოვრებას". – წერია ორგანიზაციის განცხადებაში. 

მთავარი არხის მტკიცებით, სუს-ის თანამშრომელ ივანე გულაშვილთან ინტერვიუ 2019 წელს ჩაწერეს და ის უკვე ციხეშია. ტელეკომპანიის ცნობით, მათი რესპონდენტის მთავარი დავალება ბინებში შეღწევა და ფარული სათვალთვალო კამერების დაყენება იყო. ივანე გულიაშვილის თქმით, მას არ ეუბნებოდნენ, ვის სახლში უშვებდნენ კამერების დასაყენებლად, თუმცა, მთავარი არხი აღნიშნავს, რომ გულაშვილმა რამდენიმე მათგანი თავად ამოიცნო, მათ შორის, ანა დოლიძის სახლი.

კომენტარები