უკანონო თვალთვალი

ომბუდსმენი სავარაუდო თვალთვალზე: მნიშვნელოვანია სახელმწიფოს დროული და ეფექტიანი რეაგირება

"მიუხედავად იმისა, რომ საუბარია სავარაუდო შემთხვევაზე, მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს დროული და ეფექტიანი რეაგირება, მათ შორის გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყება". - ასე გამოეხმაურა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მთავარი არხის ეთერში გასულ ინტერვიუს, რომელშიც, სავარაუდოდ, სუს-ის ყოფილი თანამშრომელი მოძრაობა ხალხისთვის ლიდერის, ანა დოლიძის სახლში ფარული ვიდეოკამერის დამონტაჟებაზე ლაპარაკობს.

"საქართველოში პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონო ფარული ჩანაწერების გამოქვეყნების, თუ გამოქვეყნების მუქარის შემთხვევებს ძირითადად, ქალი პოლიტიკოსების მიმართ აქვს ადგილი და საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებში ჩართული ქალების წინააღმდეგ პოლიტიკური ბრძოლის, მათი გაჩუმების, ჩაგვრის და ძალადობის სისტემურ იარაღად გამოიყენება.

სახალხო დამცველი გმობს სახელმწიფოს მხრიდან პირადი ცხოვრების უკანონო ხელყოფის პრაქტიკას, სოლიდარობას უცხადებს ყველა მსხვერპლს და სახელმწიფოს დამაჯერებელი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს". - აცხადებს ომბუდსმენი.

მთავარი არხის მტკიცებით, სუს-ის თანამშრომელ ივანე გულაშვილთან ინტერვიუ 2019 წელს ჩაწერეს და ის უკვე ციხეშია. ტელეკომპანიის ცნობით, მათი რესპონდენტის მთავარი დავალება ბინებში შეღწევა და ფარული სათვალთვალო კამერების დაყენება იყო. ივანე გულიაშვილის თქმით, მას არ ეუბნებოდნენ, ვის სახლში უშვებდნენ კამერების დასაყენებლად, თუმცა, მთავარი არხი აღნიშნავს, რომ გულაშვილმა რამდენიმე მათგანი თავად ამოიცნო, მათ შორის, ანა დოლიძის სახლი.

კომენტარები