უკანონო თვალთვალი

დოლიძე შესაძლო თვალთვალზე: მესმის, როგორც პოტენციური გაფრთხილება, გამოძიება უნდა დაიწყოს

"გარანტიას ვაძლევ ქართულ ოცნებას, რომ ეს იქნება გლობალური მასშტაბის უსერიოზულესი პოლიტიკური სკანდალი". - ასე გამოეხმაურა მოძრაობა ხალხისთვის ლიდერი, ანა დოლიძე მთავარი არხის ეთერში გასულ ინტერვიუს, რომელშიც, სავარაუდოდ სუს-ის ყოფილი თანამშრომელი ანა დოლიძის სახლში ფარული ვიდეოკამერის დამონტაჟებაზე ლაპარაკობს.

"თუ ეს გაფრთხილებაა, რომ მე არ უნდა გავაკეთო დამოუკიდებელი ძალა და უნდა შევეშვა პოლიტიკურ საქმიანობას, როგორც ჩანს, ის ხალხი, ვინც ფარული ჩანაწერების დავალებას იძლევა და ახორციელებს, კარგად არ მიცნობს". - ამბობს დოლიძე და აღნიშნავს, რომ გავრცელებულ ინტერვიუში რამდენიმე კითხვის ნიშანია.

"ჩვენების თანახმად, ფარული ჩაწერა 2014 წელს ხორციელდებოდა, თუმცა, ამ დროს მე საქართველოში არ ვიყავი. 2015 წლის ივნისში დავბრუნდი ქვეყანაში. მეორე კითხვის ნიშანი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენება მიცემულია 2019 წელს,  მაშინ, როდესაც მე ვიყავი მთავარი მებრძოლი სასამართლო კლანის წინააღმდეგ და სალომე ზურაბიშვილს მაგიდაზე ედო კლანის მოთხოვნა, ჩემი იუსტიციის საბჭოდან გაწვევასთან დაკავშირებით.

ამიტომ, მე ეს მესმის, როგორც პოტენციური გაფრთხილება, რათა ჩემნაირ აქტიურ ადამიანს თავი შეეკავებინა პოლიტიკური საქმიანობისგან. მესამე და ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ სუს-ის ყოფილი თანამშრომელი, ივანე გულაშვილი მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ მას აქვს ფაილები ათასობით ადამიანის შესახებ და ამ ათასობით ადამიანიდან მასახელებს მხოლოდ მე. დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს ამ თემაზე გამოძიება, რომელსაც აუცილებლად ექნება საერთაშორისო წნეხი, რასაც პირადად მე უზრუნველვყოფ". - თქვა დოლიძემ.

მთავარი არხის მტკიცებით, სუს-ის თანამშრომელ ივანე გულაშვილთან ინტერვიუ 2019 წელს ჩაწერეს და ის უკვე ციხეშია. ტელეკომპანიის ცნობით, მათი რესპონდენტის მთავარი დავალება ბინებში შეღწევა და ფარული სათვალთვალო კამერების დაყენება იყო. ივანე გულიაშვილის თქმით, მას არ ეუბნებოდნენ, ვის სახლში უშვებდნენ კამერების დასაყენებლად, თუმცა, მთავარი არხი აღნიშნავს, რომ გულაშვილმა რამდენიმე მათგანი თავად ამოიცნო, მათ შორის, ანა დოლიძის სახლი.

კომენტარები