უკანონო თვალთვალი

ქალთა მოძრაობა: ანა დოლიძის მიმართ შესაძლო თვალთვალი პირდაპირ უკავშირდება მის აქტივობას

ანა დოლიძე
ანა დოლიძე

"ეჭვგარეშეა, რომ ანა დოლიძის მიმართ განხორციელებული შესაძლო თვალთვალი პირდაპირ უკავშირდება მის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ აქტივობას". - ასე ეხმაურება ქალთა მოძრაობა მთავარი არხის ეთერში გასულ ინტერვიუს, რომელშიც, სავარაუდოდ, სუს-ის ყოფილი თანამშრომელი ანა დოლიძის სახლში ფარული ვიდეოკამერის დამონტაჟებაზე ლაპარაკობს.

"ივანე გულაშვილმა ჟურნალისტისთვის მიცემულ ინტერვიუში მოგვითხრო ქალი პოლიტიკოსის, ანა დოლიძის, შესაძლო ფარული თვალთვალის შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ ანა დოლიძე თავად გამოეხმაურა ინტერვიუს და ადასტურებს ივანე გულაშვილის მიერ აღწერილი ნივთების არსებობას მის საკუთრებაში მყოფ ბინაში, თუმცა გულაშვილის მიერ გაჟღერებულ თარიღებთან მიმართებით გამოთქვამს გარკვეულ ეჭვებს.

სამწუხაროდ, გვახსოვს არაერთი პოლიტიკურად აქტიური ქალის წინააღმდეგ განხორციელებული მორალური ტერორი და საჯარო ცხოვრებიდან განდევნის მცდელობა. აღვნიშნავთ, რომ მსგავსი უკანონო პრაქტიკები ქვეყანაში სისტემურ ძალადობად ჩამოყალიბდა. ქალის პირადი, მათ შორის, სექსუალური ცხოვრებით მანიპულირება, ან მისი გასაჯაროება ქალების პოლიტიკიდან განდევნის, დისკრედიტაციისა და მარგინალიზაციის ყველაზე სასტიკი მეთოდია.

ჩვენ მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოს, დაიწყოს გამოძიება, გამოკითხოს ყველა პირი, რომელიც შესაძლოა, შემხებლობაში იყოს ანა დოლიძის მიმართ უკანონო თვალთვალში და გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა რესურსი, რათა აღკვეთოს პირადი ცხოვრების კადრების გავრცელება. ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ანა დოლიძეს და მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას შესაბამისი რეაგირებისაკენ". - აცხადებს ქალთა მოძრაობა.

მთავარი არხის მტკიცებით, სუს-ის თანამშრომელ ივანე გულაშვილთან ინტერვიუ 2019 წელს ჩაწერეს და ის უკვე ციხეშია. ტელეკომპანიის ცნობით, მათი რესპონდენტის მთავარი დავალება ბინებში შეღწევა და ფარული სათვალთვალო კამერების დაყენება იყო. ივანე გულიაშვილის თქმით, მას არ ეუბნებოდნენ, ვის სახლში უშვებდნენ კამერების დასაყენებლად, თუმცა, მთავარი არხი აღნიშნავს, რომ გულაშვილმა რამდენიმე მათგანი თავად ამოიცნო, მათ შორის, ანა დოლიძის სახლი.

კომენტარები