პოლიტიკური კრიზისი

ბოკერია: ნებისმიერი დღე ამ რეჟიმის ხელისუფლებაში ყოფნისა, ქვეყნისთვის დიდი ზიანია

ტაბულა

ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია ამბობს, რომ მაშინ, როდესაც ქართული ოცნების ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვა მოვა გონს და მიხვდება, რომ "ამ მდგომარეობას ვერ შეინარჩუნებენ ვერც ქვეყნის გარეთ და ვერც ქვეყნის შიგნით", მაშინ გაჩნდება რეალური შეთანხმების პერსპექტივა – ერთი მხრივ, პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე, მეორე მხრივ, ვადამდელი არჩევნების დანიშვნაზე და, მესამე მხრივ, საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე. 

"ამისთვის თავისუფალი სამყარო ყოველთვის მხარდაჭერის ხელს გაუწვდის საქართველოს, ქართულ საზოგადოებას, მაგრამ ბუნებრივია, ჩვენთვის დღეს რთულია თქმა, როდის მოვა გონს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, რომ ეს მოხდეს ადრე, ვიდრე გვიან, რადგან ნებისმიერი დღე ამ რეჟიმის ხელისუფლებაში ყოფნისა და ამ კრიზისის გაგრძელებისა, არის ქვეყნისთვის მიყენებული ზიანი და დიდი საფრთხე". – თქვა გიგა ბოკერიამ. 

ხელისუფლებასთან ევროკავშირის მედიაციით ჩატარებული მოლაპარაკებების ჩავარდნის შემდეგ ოპოზიციამ 20 მარტს მოქალაქეებს სამოქმედო გეგმა გააცნო. გეგმის მიხედვით, ოპოზიციური ლიდერები წინასაარჩევნო რეჟიმზე გადადიან და სხვადასხვა ქალაქსა, თუ რაიონში კარდაკარ კამპანიას ჩაატარებენ. 15 მაისს კი რუსთაველის გამზირზე მასშტაბური აქცია დაიგეგმა. 

მოლაპარაკებებს ევროპული საბჭოს სპეციალური წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი ესწრებოდა, რომელმაც შეთანხმების ჩავარდნის შემდეგ, საქართველო დატოვა. რადიო თავისუფლების ჟურნალისტის ცნობით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოში კრისტიან დანიელსონის მისიის გაგრძელებას მხარი დაუჭირეს. 

"ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს საქართველოს [საკითხი] განიხილეს. ფართო დებატები არ გამართულა. დანილესონს მხარი დაუჭირეს, თუმცა თარიღი, თუ როდის დაბრუნდება ის, ჯერჯერობით უცნობია". - წერს ის. 

კომენტარები