პოლიტიკური კრიზისი

მელია 15 მაისის აქციაზე: ძალიან ბევრი უნდა გამოვიდეს რუსთაველის გამზირზე

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია ციხიდან მიცემულ სატელეფონო ინტერვიუში ამბობს, რომ ის მოელოდა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულებას. 

მისივე თქმით, ამ მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულება იმას არ ნიშნავს, რომ ოპოზიციამ ფარ-ხმალი უნდა დაყაროს. 

"იმ მდგომარეობაშია ჩვენი ქვეყანა, რომ ეს ტრაგედია დიდ იმედად და გამარჯვებად უნდა გადავაქციოთ, არათუ მოლაპარაკებების ჩაშლად". – ამბობს ნიკა მელია მთავარი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში. 

ენმ-ს ლიდერის შეფასებით, ქართული ოცნების ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი "მარტივად" თამაშობს და მას ორი გამოსავალი აქვს დარჩენილი, ერთი მხრივ, დროის გაწელვა და, მეორე მხრივ, საზოგადოების, ოპოზიციისა და უცხოელი პარტნიორების დაღლა. 

"ის ფიქრობს, რომ დაიღლებიან ჩვენი პარტნიორები ჩვენი შიდა პრობლემების, შიდა კრიზისის მოგვარება-ვერმოგვარების საქმეში, ამასობაში ოპოზიციას შეცდომებს დააშვებინებს და რაღაც იქნება, მაგრამ ძალიან ცდება ამაში. ეს არ არის შიდა პოლიტიკური კრიზისი, ეს გეოპოლიტიკური კრიზისია". – თქვა ნიკა მელიამ. 

რაც შეეხება ოპოზიციის სამოქმედო გეგმას, რომელიც ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა 20 მარტს რუსთაველის გამზირზე წარადგინეს, ნიკა მელია ამბობს, რომ "დაანონსება დაანონსებისთვის" და "აქცია აქციისთვის" არ უნდა იყოს. ენმ-ს თავმჯდომარემ ინტერვიუში რამდენჯერმე გაიმეორა, რომ გული დასწყდა, როცა რუსთაველის გამზირზე რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერი ვერ დაინახა, რადგან მისი თქმით, ახლა მთავარი სწორედ ერთობაა. 

"უპირველეს ყოვლისა, დიდი მადლობა ყველა ოპოზიციურ ლიდერს. გული დამწყდა, რომ იქ ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერი ვერ დავინახე, არადა მნიშვნელოვანი იყო. კარგი დასაწყისი კარგი დაბოლოების საწინდარია და, სამწუხაროდ, ვერ დავინახე ბევრი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, ანუ პირველი პირი. ეს ჩემთვის დასანანია. 

მე ვთხოვდი საზოგადოებას, რომ ყველამ გავიაზროთ, რომ ეს არ არის არცერთი კონკრეტული პოლიტიკური პარტიისა თუ ლიდერის ბრძოლა, ეს არის ქვეყნის მომავლის საკეთილდღეო ბრძოლა, ჩვენი შვილების სასარგებლო ბრძოლა და არ დაგვეზაროს, რამდენიმე საათით თბილისში ჩამოვიდეთ და თბილისელები რუსთაველის გამზრიზე უნდა გამოვიდეთ. ეს არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ დიამეტრულად განსხვავებული მიმართულებით მიჰყავს ივანიშვილს საქართველო. 

ძალიან ბევრი უნდა გამოვიდეს რუსთაველის გამზირზე და, აი, ასე დავამარცხოთ ხელისუფლება". – თქვა ნიკა მელიამ. 

ხელისუფლებასთან ევროკავშირის მედიაციით ჩატარებული მოლაპარაკებების ჩავარდნის შემდეგ ოპოზიციამ 20 მარტს მოქალაქეებს სამოქმედო გეგმა გააცნო. გეგმის მიხედვით, ოპოზიციური ლიდერები წინასაარჩევნო რეჟიმზე გადადიან და სხვადასხვა ქალაქსა, თუ რაიონში კარდაკარ კამპანიას ჩაატარებენ. 15 მაისს კი რუსთაველის გამზირზე მასშტაბური აქცია დაიგეგმა. 

კომენტარები