უკრაინა

უკრაინამ იანუკოვიჩს და აზაროვს სანქციები დაუწესა

უკრაინამ ქვეყნის ყოფილ პრორუს პრეზიდენტს, ვიქტორ იანუკოვიჩს და ყოფილ პრემიერმინისტრს, ნიკოლაი აზაროვს სანქციები დაუწესა. 

სანქციებით მათ ეყინებათ აქტივები, საკუთრება, ქვეყნიდან კაპიტალის გატანა ეკრძალებათ და, ასევე, ჩამოერთმევათ ყველა სახელმწიფო ჯილდო. 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, სანქციების შესახებ ინფორმაციასა და სხვა დეტალებზე სატელევიზიო მიმართვაში ილაპარაკა. 

"ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს ეს გადაწყვეტილება ორი სიტყვით შეიძლება აღვწეროთ - ლოგიკური და უცნაურია. ლოგიკურია, რომ უკრაინა აწესებს ამგვარ სანქციებს და უცნაურია, რომ 2014 წლის შემდეგ ეს არ გააკეთეს". - თქვა ზელენსკიმ. 

აზაროვმა 2014 წლის იანვარში დატოვა თანამდებობა, ღირსების რევოლუციის შედეგად 2014 წლის თებერვალში იანუკოვიჩი იძულებული გახდა, დაეტოვებინა ქვეყანა და რუსეთში გაქცეულიყო. რუსეთშია გაქცეული ნიკოლაი აზაროვიც.

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს კიევის სასამართლომ ვიქტორ იანუკოვიჩს ღალატისთვის 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სახელმწიფო ღალატის გარდა, ობოლონსკის რაიონულმა სასამართლომ იანუკოვიჩი კიდევ ორ ბრალდებაში - ომის წამოწყებაში თანამონაწილეობასა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფაში მონაწილეობის მიღებაში ცნო დამნაშავედ. 

იანუკოვიჩი ბრალდებას უარყოფს და "ნაციონალისტ რადიკალებს" აბრალებს აქციებზე ძალადობას, რის გამოც მას გაქცევა აიძულეს. 

"ეს პოლიტიკური დევნაა, უმოტივაციო, არამართლზომიერი რეპრესიები". - აზაროვის წარმომადგენელი სანქციების შესახებ მის ციტირებას ახდენს. იანუკოვიჩი ჯერ-ჯერობით დუმს. 


გაეროს ინფორმაციით, სამი თვის განმავლობაში კიევში მაიდანის მოედანზე 98 ადამიანი მოკლეს - აქიდან 84 მომიტინგე და 13 სამართალდამცავი.

ევრომაიდნის მოვლენების ქრონოლოგია კი ასეთია:

2013 წლის 21 ნოემბერს უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა მიიღო რეზოლუცია ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შეჩერებაზე, რასაც კიევის მთავარ მოედანზე მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა.

იმავე საღამოს მაიდანზე 1000-მდე ადამიანი შეიკრიბა. მათ ოპოზიციის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. ამავე დღეს კიევის ადმინისტრაციულმა სასამართლომ 2014 წლის 7 იანვრამდე საჯარო ღონისძიებების ჩატარება აკრძალა.

აკრძალვის მიუხედავად მაიდანზე ხალხის რაოდენობა ყოველდღე იზრდებოდა. სოციალურ მედიაში გაჩნდა ჰეშთეგი #ევრომაიდანი.

პოლიციასთან პირველი დაპირისპირება პროტესტის დაწყებიდან მეორე დღესვე მოხდა, როდესაც მომიტინგეებმა კარვების გაშლა სცადეს.

23 ნოემბერს პოლიციელებმა საპროტესტო აქციის დაშლა სცადეს იმ მიზეზით, რომ მაიდანზე საახალწლო ნაძვის ხე უნდა დაედგათ. შემდგომში ნაძვის ხეს ევრომადინის მოვლენების სიმბოლოდ იქცა.

24 ნოემბერს კიევში მომიტინგეთა რაოდენობამ 100,000-ს მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ მიტინგებზე ოპოზიციის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, აქციის მონაწილეები ცდილობდნენ, თავი რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან არ გაეიგივებინათ და, შესაბამისად, არ იყენებდნენ პოლიტიკური პარტიების სიმბოლოებს.

28-29 ნოემბერს გაიმართა ვილნიუსის სამიტი, რომელზეც უკრაინის პრეზიდენტმა, ვიქტორ იანუკოვიჩმა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას ხელი არ მოაწერა. სამიტამდე მომიტინგეთა რაოდენობა შემცირდა, თუმცა სამიტის დასრულებისთანავე, 30 ნოემბერს გაიცა ბრძანება, დაერბიათ მაიდანზე დარჩენილი მომიტინგეები. მაშინდელმა ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი იმით გაამართლა, რომ მოედნის საახალწლოდ მოწყობა იყო აუცილებლი.

პირველ დეკემბერს მაიდანზე უკვე 500,000-დან ერთ მილიონამდე ადამიანი გამოვიდა, რაც რევოლუციის და იანუკოვიჩის მთავრობის დასასრულის დასაწყისად იქცა.

კომენტარები