Washington Examiner

Washington Examiner: საქართველო ჩიხიდან EU-მ ვერ გამოიყვანა, დროა ამერიკა ჩაერთოს

OC Media

ამერიკულ გამოცემაში – Washington Examiner გამოქვეყნდა წერილი, სათაურით – "საქართველოში ევროკავშირმა წარმატებას ვერ მიაღწია, დროა, ამერიკა ჩაერთოს", რომელშიც ავტორი, ტომ როგანი, წერს, რომ მოქმედების აუცილებლობა საქართველოს მზარდი ავტორიტარული მმართველობიდან მომდინარეობს.

"ვლადიმირ პუტინის შთამბეჭდავი გამარჯვება და ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და ევროკავშირის დამარცხება – ესაა შედეგი იმ მოლაპარაკებებისა, რომლებიც საქართველოს პოლიტიკური ჩიხიდან გამოყვანას ემსახურებოდა" – ასე ეხმაურება ავტორი 19 მარტის დილას, შეთანხმების მიუღწევლად დასრულებულ მოლაპარაკებებს. 

როგანის თქმით, პროცესი კრიტიკული მას შემდეგ გახდა, რაც ხელისუფლებამ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ნიკა მელია დააპატიმრა. ავტორის აზრით, საეჭვო სამართლებრივ საფუძვლებზე განხორციელებული დაკავების აქტი, მთავრობის მიერ ძალაუფლების კონსოლიდაციის მცდელობა იყო. იგი იმდროინდელი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას ნებაყოფლობით გადადგომასაც სწორედ პროცესების ალარმისტულ მიმდინარეობას უკავშირებს.

"ამჟამად, ქვეყნის ფორმალური პირველი პირი ირაკლი ღარიბაშვილია, თუმცა მთავრობა მთლიანად მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის მიერ იმართება" – ვკითხულობთ სტატიაში.

როგანი ივანიშვილის ანტისახელმწიფოებრივ მოქმედებებსაც ეხმიანება:

"პუტინისადმი სიმპათიით აღჭურვილმა კრონი კაპიტალისტმა, ბიძინა ივანიშვილმა მთელი ოპოზიციური სპექტრის იგნორირების ფონზე, კანონის უზენაესობას ძირი გამოუთხარა. ოლიგარქის ნეგატიური გავლენა იგრძნობა როგორც ადამიანის უფლებების, ისევე ეკონომიკური მიმართულებით. დაუსჯელად ჩაიარა რუსეთის მცდელობამაც, დესტაბილიზაცია შეეტანა საქართველოს დემოკრატიულ პროცესებში მკვლელობის მცდელობებით, როდესაც რამზან კადიროვმა ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას გასანეიტრალებლად დაჯგუფება შექმნა".

ტომ როგანი იმედგაცრუებულია ევროკავშირის მედიატორობით გამართული შეხვედრებით, რომლებსაც კრისტიან დანიელსონი ხელმძღვანელობდა და ზემოხსენებული პრობლემების გადაჭრას ემსახურებოდა, თუმცა უშედეგოდ დასრულდა.

"ხელისუფლებამ უარი განაცხადა როგორც მელიას გამოშვებაზე, ისე ვადამდელ არჩევნებზე. ერთადერთი, რაც ევროკავშირმა მოახერხა, ვიდეოს გამოქვეყნებაა, რომელშიც დანიელსონი შენობაში დაიარება. ეს ფაქტი ევროკავშირის რეპუტაციას დიდ ზიანს აყენებს. როგორც ერთ-ერთმა EU-ს ოფიციალურმა პირმა, გასულ კვირას, Financial Times-ს განუცხადა: "თუ იმასაც ვერ ვახერხებთ, რომ პატარა, ტრანსკავკასიური ქვეყანა, რომელსაც ჩვენთან ასოცირება სურს, ჩვენს ორბიტაზე შევინარჩუნოთ, აბა რაღა ჯანდაბა შეგვიძლია?". კარგი კითხვაა." – წერს ავტორი.

როგანის აზრით, თუ ბაიდენის დემოკრატიის წახალისების რიტორიკა სერიოზულია, მისი ადმინისტრაცია განხეთქილების მოგვარებაში უნდა ჩაერთოს. მისი თქმით, სასწორზეა ახალგაზრდა დემოკრატია, რომელიც ჯერ კიდევ ჩანასახს წარმოადგენს და ცდილობს, გარე და შიდა წნეხის მიუხედავად, გადარჩეს. 

"შეერთებულ შტატებს მნიშვნელოვანი ეკონომიკური ბერკეტები გააჩნია, მათ შორის, პირადად ივანიშვილის წინააღმდეგ. აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი დაუყოვნებლივ უნდა ჩავიდეს თბილისში. ამის არ გაკეთება ძირის გამოთხრა იქნება პროდასავლური ადამიანების მისწრაფებებისთვის, ხოლო პუტინის მომაკვდინებელ გავლენებს კიდევ უფრო გაზრდის" – ვკითხულობთ სტატიაში.

18 მარტს, ქართული ოცნებისა და ოპოზიციის შეხვედრა გაიმართა. მხარეები ვერ შეთანხმდნენ. 9-საათიანი შეხვედრიდან გამოსულმა ოპოზიციის წევრებმა თქვეს, რომ "ოცნების" წარმომადგენლებს მათ მთავარ მოთხოვნებზე -  პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასა და ვადამდელ არჩევნებზე - "სრულიად შეურაცხადი პოზიცია ჰქონდათ" და ამ თემებზე "გონიერ განცხადებაზე განხილვის უნარის დაშვება" აკრძალული აქვთ.  მათივე თქმით, შეთანხმების დოკუმენტი რამდენჯერმე "გაფუჭდა", რადგან ქართული ოცნების "პრეტენზიები ამოუწურავი იყო". 

19 მარტს, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი ანგარიშის ჩასაბარებლად ბრიუსელში გაემგზავრა.

 

 

კომენტარები