Washington Examiner

Washington Examiner: პომპეომ თბილისში მკაცრი გზავნილი უნდა ჩაიტანოს

ამერიკულ გამოცემაში – Washington Examiner გამოქვეყნდა წერილი სათაურით "პომპეომ თბილისში მკაცრი გზავნილი უნდა ჩაიტანოს", რომელშიც ავტორი, ტომ როგანი წერს, რომ მოქმედების აუცილებლობა საქართველოს მზარდი ავტორიტარული მმართველობიდან მომდინარეობს.

"ამჟამად სადავო არჩევნების შემდეგომ შედეგებს შეჭიდებულნი, საქართველოს უშიშროების ძალები მომიტინგეების წინააღმდეგ იყენებენ წყლის ჭავლებს და სხვა იარაღს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ქმედებები სერიოზულია და ასახავს ადამიანის უფლებების აბუჩად აგდებას, პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას მთავრობა დარწმუნებულია, რომ პომპეოს ჩამოსვლისას ნებისმიერ სირთულეს შეარბილებს. ნაცვლად ამისა, გახარია პომპეოს ვიზიტს წარმოადგენს, როგორც სიგნალს იმისა, რომ შეერთებული შტატები რეალურად კმაყოფილია ურთიერთობების ამჟამინდელი მდგომარეობით. პომპეომ გახარიას უკეთესი ჭეშმარიტება უნდა ასწავლოს". – წერს ავტორი.

ავტორი წერს, რომ მაშინ, როდესაც აშშ მეგობრობასა და ურთიერთსასარგებლო დიპლომატიური და ეკონომიკური ჩართულობისკენ მიისწრაფვის, ის თვალს არ დახუჭავს მზარდ ავტორიტარიზმზე. როგანი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას ციტირებს, რომ პომპეო "გამოხატავს ჩვენს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, დაჟინებით მოუწოდებს დემოკრატიულ რეფორმებში შემდგომი პროგრესისკენ". ის იმედოვნებს, რომ დახურულ კარს მიღმა პომპეო უფრო მკაცრ ენას გამოიყენებს.

ტომ როგანი აღნიშნავს, რომ მთავარი შეშფოთების საგანი მილიარდერი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილია, რომელიც მხარს უჭერს მმართველ პარტია ქართულ ოცნებას და რეალური ძალაუფლება გახარიას სახელისუფლებო სკამს მიღმა სწორედ მას ეკუთვნის.

"სამწუხაროდ, ივანიშვილს ნაკლებად აინტერესებს, რომ თავისი სიმდიდრე და გავლენა ამ პატარა ერის გლობალური პერსპექტივების წინსვლისთვის გამოიყენოს.

ამის ნაცვლად, მან განვითარებადი კანონის უზენაესობა საქართველოში გააუარესა და ქვეყნის ჩრდილოელ აგრესორს, რუსეთს, თავს აწონებდა. ივანიშვილმა ეს აშშ-სა და ევროკავშირთან საქართველოს ეკონომიკური კავშირების ძირის გამოთხრით გააკეთა. მან შეაფერხა ახალი ობიექტის პორტის მშენებლობა და, მაგალითად, ინტერნეტის ოპტიკურბოჭკოვანი კაბელი, ჩანს რომ მხოლოდ იმისთვისაა შექმნილი, რომ მისი ინტერესები წასწიოს წინ პუტინის სტრატეგიულ გეგმებთან ერთად." – ვკითხულობთ წერილში.

ტომ როგანი წერს, რომ ეს პრობლემაა, რადგან რაც უფრო მეტი კონტროლი აქვს პუტინს საქართველოს კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე, მით მეტად გადადის უკანა პლანზე ქვეყნის ეროვნული ინტერესები.

"ეს ასე არ უნდა იყოს. 2019 წელს აშშ-ს ექსპორტი საქართველოში 768 მილიონი აშშ დოლარის ღირებულებისა იყო, საერთო ჯამში აშშ-ს ვაჭრობის სიჭარბით 616 მილიონი აშშ დოლარით. გაცილებით მეტი შესაძლებლობა არსებობს ორივე ქვეყანას შორის გაფართოებული ვაჭრობისთვის. ამავდროულად, აშშ-საქართველოს უსაფრთხოებისა და სამხედრო კავშირები ახლა კარგადაა განვითარებული, ორივე მხარე განსაკუთრებით მჭიდროდაა ჩართული კონტრტერორისტულ თანამშრომლობაში. ესაა საძირკველი, რაზეც შეიძლება აშენება". – აღნიშნავს როგანი.

წერილის ავტორი მკაფიოდ განმარტავს, რომ, სანამ აშშ ივანიშვილს ზეწოლით არ უპასუხებს, რათა უფრო სერიოზულად მოეკიდოს თავის ვალდებულებებს ხალხის წინაშე, უკეთესი ურთიერთობის საფუძველი იმსხვრევა.

"ამრიგად, პომპეოსთვის ნათელია, რომ აშშ იყო და კვლავ სურს, რომ იყოს საქართველოს აქტიური მეგობარი. თუმცა, მან ასევე ნათელი უნდა გახადოს, რომ ვაშინგტონი სულ უფრო და უფრო შეშფოთებულია. თუ ამერიკა მოწმეა თბილისის მხრიდან ხალხისადმი პატივისცემის შემცირებით, ის უზრუნველყოფს, რომ პასუხისმგებელ პირებს მათი ქმედებებისთვის სადამსჯელო ფინანსური და დიპლომატიური შედეგები დაუდგებათ". – წერს ტომ როგანი.

საქართველოში პომპეოს ვიზიტი 17-18 ნოემბერს იგეგმება.

სახელმწიფო დეპარტამენტის ბრიფინგზე მაღალი რანგის ოფიციალური პირების ცნობით, მაიკ პომპეო საქართველოში ვიზიტისას აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებას შეხვდება. 

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების განცხადებაში აღნიშნულია, რომ "თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესი კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოში დემოკრატიისთვის და ქართველი ხალხი ამ პროცესში აქტიურად მონაწილეობს".

კომენტარები