ვაქცინაცია

გამყრელიძე: ვაქცინაციის პროცესში სხვა მოქალაქეების ჩართვის საკითხს მალე განვიხილავთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, დღეს, 19 მარტს, აცრის მსურველთა რიცხვი "დავარდა, რაც მოსალოდნელი იყო". გამყრელიძის ცნობით, პირველ დღეს ქვეყნის მასშტაბით აცრეს 727 ადამიანი, მეორე დღეს – 720; 17 მარტს აიცრა – 1 312; 18 მარტს – 735, ხოლო 19 მარტს –  მხოლოდ 107. მან აღნიშნა, რომ მედიკოსების ნაწილმა საკუთარი ჯავშანი გააუქმა და ამჟამად, აცრის რიგში 7 900-მდე ადამიანია.

ამირან გამყრელიძეს ჰკითხეს, სამედიცინო პერსონალის დაბალი აქტივობის შემთხვევაში, განიხილავენ თუ არა, რომ აცრის საშუალება მიეცეს სხვა მოქალაქეებს.

"კი, გუშინ დაგეგმილი იყო ამ საკითხის განხილვა იმუნიზაციის საბჭოზე, მაგრამ, სამწუხაროდ, მოხდა ეს ძალიან დამთრგუნველი ფაქტი და ჯერჯერობით, სხვა საკითხებზე ვერ ვისაუბრეთ. ეს საკითხი, რასაც მეკითხებით, განიხილება და ეს განიხილება ჯერ სამინისტროს იმუნიზაციის საბჭოზე, მერე საკოორდინაციო საბჭოზე და შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღება მალე“, – განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოში ასტრაზენეკათი ვაქცინაციის პროცესი 15 მარტს დაიწყო. 18 მარტს ახალციხის საავადმყოფოში ერთერთ აცრილ მედიკოსს სავარაუდოდ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა, რის შემდეგაც გარდაიცვალა. ამის გამო, ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი მხოლოდ მულტიპროფილურ კლინიკებში გაგრძელდება.

კომენტარები